ბელორუსში გასული ღამის განმავლობაშიც მასობრივი ჩხუბი და შეტაკებები დაფიქსირდა პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოები ცხადყოფს სამართალდამცავთა მიერ ძალის გამოყენების შეუზღუდავ და გადამეტებულ გამოვლინებებსაც კი. სპეცრაზმელები თავს ესხმოდნენ ყველას, რომლებშიც პოტენციურ საფრთხეს ხედავდნენ- ხშირი იყო შემთხვევები მედიის წარმომადგენლების ცემისა და ფოტო-ვიდეო აპარატურის დამტვრევის.
გავრცელებული ინფორმაციით, 5000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, რომელთა უმრავლესობასაც ძალზე მძიმე მეთოდებით უსწორდებიან საპატიმროებში- სცემენ და ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენ მანიფესტაციის მონაწილეებზე. ტელეგრამის სოციალურ ქსელზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა საკუთარი აივნიდან გადაღებული ვიდეო ატვირთა, სადაც ჩანს სამართალდამცველთა გარემოცვაში არსებულ იზოლირებულ ეზოში მყოფი ხელ-ფეხ შეკრული დაპატიმრებული ადამიანები.
აგრეთვე არსებობს კადრები, თუ როგორ ესხმიან თავს ძალოვანი უწყების წარმომადგენლები აქციათა მხარდამჭერ მოტოციკლისტებს, რომელთაც ურტყამენ და მძიმე დაზიანებებს ქალაქის შუაგულ ნაწილში, ყველას თვალწინ აყენებენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციელები აგრეთვე თავს დაესხნენ BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტებსაც. ოპერატორს კამერა ხელიდან გამოსტაცეს და დაუმტვრიეს. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა აკრედიტაციის მოწმობის დაბრუნება ითხოვა, მისი ცემა დაიწყეს.
მასალის გამოყენების პირობები






