11 აგვისტოს, ღამით, ბრიტანელები უჩვეულო სანახაობამ - "ჩუმმა ელვამ" განაცვიფრა. ელვას ქუხილი და წვიმა არ მოჰყოლია. ზოგიერთმა ეს მოვლენა "ჰარი პოტერის" სიუჟეტებს შეადარა, ზოგმა "ჩუმი დისკოთეკა" უწოდა. სოციალურ ქსელში ამ მოვლენის ამსახველი ვიდეო-ფოტო მასალა ჰაშტეგით - #waroftheworlds ქვეყნდებოდა. მეტეოროლოგების თქმით, 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში სხვადასხვა ადგილას 50 000 მეხი ჩამოვარდა, ხოლო ტემპერატურა 30 გრადუსს გადასცდა.
Twitter-ის მომხმარებლებმა ამ მოვლენას "შემაძრწუნებელი, მაგრამ ლამაზი" უწოდეს.სინოპტიკოსების განცხადებით, ეს ბუნებრივი მოვლენაა, რადგან სინათლე ხმაზე შორს ვრცელდება, და ამიტომ ადამიანმა შეიძლება დაინახოს ელვა, ხოლო ქუხილის ხმა ვერ გაიგონოს. სინათლეს, როგორც წესი, საავრდო ღრუბლები ირეკლავს.
"შესანიშნავი სანახაობის 90 წუთი! დედა ბუნება დღეს შემაძრწუნებელი იყო" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.
თუმცა, "ჩუმი ელვა" ყველგან მდუმარე არ ყოფილა. უელსის ზოგიერთ ნაწილში, თვითმხილველების განცხადებით, გოლფის ბურთის ზომის სეტყვა მოვიდა, ხოლო წვიმა მათ "შხაპს" შეადარეს. ქალაქ აბერისტოუნში კი წვიმამ ქუჩებიც დატბორა.
ამ მოვლენის შედეგად მეტეოროლოგიური სამსახური 11-12 აგვისტოს ძლიერ წვიმას ელის კუნძულის მთელს ტერიტორიაზე. ბრიტანეთში ამინდის "ყვითელი განგაშია" გამოცხადებული. ცენტრალურ ბრიტანეთში ადგილობრივი დროით 16:00 საათიდან 12 აგვისტოს დილამდე უწყვეტ წვიმას ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






