მოსკოვში სომეხი დების მიერ მოკლული მამის ხმაურიან სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ზაფხულში მიხეილ ხაჩატურიანის ცხედარი მოსკოვში, თავის სახლში იპოვეს- მას კისრისა და მკერდის მიდამოებში უამრავი ჭრილობა აღენიშნებოდა.
მამაკაცის გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე იგი ფსიქიატრიული კლინიკიდან დაბრუნდა და ოთახებში არეულობის გამო სასტიკად სცემა სამივე ქალიშვილს- მათზე ძალადობისას მამამ გამოიყენა სხვადასხვა სახის ნივთები, გოგონებს აგრეთვე სახეში შეასხა წიწაკის სპრეი. მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა კრისტინამ კი აღნიშნულისგან გონება დაკარგა. ზემოხსენებული ფაქტის გამო დებმა ხაჩატურიანებმა-19 წლის კრისტინამ, 18 წლის ანგელინამ და 17 წლის მარიამ გადაწყვიტეს, რომ მამა მოეკლათ. გოგონებმა საკუთარი მშობელი ჩაქუჩებისა და დანის გამოყენებით მოკლეს. ინციდენტიდან მეორე დღესვე ორივე მათგანი დააკავეს.
მოკლულის შვილებმა აღიარეს დანაშაული და აგრეთვე აღნიშნეს, რომ მამა მათზე წლების მანძილზე სექსუალურად ძალადობდა. გუშინ მოსკოვში აღნიშნულ საკითხზე დაიწყო სასამართლო პროცესი. კრისტინა და ანგელინა სასამართლოს წინაშე ერთობლივად გამოცხადდებიან, ხოლო მკვლელობის დროს არასრულწლოვანი მარია იკი ადვოკატის, ალექსეი ლიპსტერის თანხლებით.
სწორედ აღნიშნულმა ადვოკატმა სოციალურ ქსელში განათავსა ის წერილები, რომელსაც ხაჩატურიანი თავის გოგონებს სწერდა და მოკვლით ემუქრებოდა- „მოგკლავთ! მეძავები ხართ და დაიხოცებით ისე, როგორც მეძავები“.
„ ვფიქრობ, რომ მათ არჩევანი არ ჰქონდათ, მამამ გოგონები სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა. მათი ცხოვრება უფრო ჯოჯოხეთი იყო ვიდრე ჩვეულებრივი რეალობა. გოგონებს ფსიქოლოგიური დაავადებები აღმოუცენდათ“ - აღნიშნა ერთ-ერთი დაზარალებულის ადვოკატმა, ალექსეი პარშინმა.
გოგონების წინააღმდეგ ჩვენება მისცა აგრეთვე მიხეილ ხაჩატურიანის დამ, ნაირამ და აღნიშნა, რომ მათ მამის მკვლელობა დიდი ხნით ადრე გადაწყვიტეს რათა ისრაელში წასულიყვნენ საცხოვრებლად- „მამის თავიდან მოშორების შემდეგ ეგონათ, რომ ისე იცხოვრებდნენ, როგორც მოინდომებდნენ“. ხაჩატურიანის ძმის შვილმა კი განაცხადა, რომ გოგონების მიმართ ოჯახში ძალადობა არასდროს ყოფილა- მისი თქმით, მიხეილის ქალიშვილებმა მამის მკვლელობა დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გოგონებს დამნაშავედ სცნობს, მათ 20 წლის პატიმრობა ემუქრებათ.

მასალის გამოყენების პირობები






