აშშ-ში, ფლორიდის შტატში პოლიციელებმა 3 წლის გოგონა დახრჩობისგან გადაარჩინეს. მცირეწლოვანი ბავშვის დედამ პოლიციის დეპარტამენტში დარეკა მას შემდეგ, რაც თავისი ქალიშვილი საცურაო აუზში უგუნო მდგომარეობაში მოტივტივე აღმოაჩინა. განხორციელებული ზარიდან 2 წუთში პოლიციის ოფიცერი კაილ სკიპერი პირველი იყო ვინც შემთხვევის ადგილზე მივიდა. სამართალდამცავს გოგონა სრულიად უგონო მდგომარეობაში დახვდა- მისი გული არ ფეთქავდა და გოგონა სრულად გალურჯებულიყო. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს DAILYMAIL-ი.
პოლიციელმა გოგონას სხეული ბებიას ხელიდან გამოსტაცა და გულისა და სუნთქვის მუშაობის აღდგენისთვის აქტიური მასაჟის გაკეთება დაიწყო. რამდენიმე წამში ოფიცერი რობერტ ლინბლომიც მოვიდა შემთხვევის ადგილას, რათა მეწყვილეს დახმარებოდა. პოლიციელთა ერთობლივმა მასაჟმა შედეგი გამოიღო და გოგონამ ამოისუნთქა, თუმცა იგი გონზე მოსვლას მაინც ვერ ახერხებდა. ლინბლომმა გოგონას პულსი დააფიქსირა და დაუწყო გახშირებული ბიძგების მიცემა გულმკერდის არეში. ოფიცერმა ბავშვი გადმოაბრუნა და ორი თითით დააჭირა ზურგზე, რათა ეიძულებინა ორგანიზმისთვის ფილტვებიდან ნაყლაპი წყალი გადმოენთხია. აღნიშნული პროცედურების შემდეგ, მცირეწლოვანმა პირიდან წყალი გადმოასხა, დაიწყო სუნთქვა და სხეულიც გაამოძრავა.
ბავშვი რამდენიმე წუთში სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მშობლებს განუცხადეს, რომ პოლიციელების რამდენიმე წამით დაგვიანების შემთხვევაშიც კი შეიძლებოდა ბავშვი გარდაცვლილიყო. 3 წლის გოგოს სიცოცხლეს უკვე საფრთხე აღარ ემუქრება.
აღნიშნული ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები ერთ-ერთმა პოლიციელმა სამხრე კამერით გადაიღო, სადაც დეტალურადაა ასახული ბავშვის მდგომარეობა და მისთვის „სიცოცხლის დაბრუნების მომენტი“.




მასალის გამოყენების პირობები






