2014 წლის შემდეგ პირველად, ამერიკის ფლოტის ნიმიცის კლასის ორი საავიამზიდო დაჯგუფება მოქმედებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ეს ქმედება ძალის მნიშვნელოვანი დემონსტრირების გამოვლინებაა ამერიკის ფლოტის მხრიდან აღნიშნულ რეგიონში. მიმდინარე წვრთნებით მკაფიო სიგნალის დაფიქსირება ხდება ოფიციალური პეკინისთვის, რომელიც რეგიონის დიდ ნაწილს თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს.
ამერიკული ავიამზიდები, USS NIMITZ-მა და USS RONALD REAGAN-მა წვრთნები ოფიციალურად 2020 წლის 4 ივლისს დაიწყეს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. მიმდინარე წვრთნებში აქტიურადაა აგრეთვე ჩართული ავიამზიდების საგემბანო დამრტყმელი ავიაცია F-18-ის ტიპის გამანადგურებლების სახით. აგრეთვე აქტიურ როლს ასრულებენ ARLEIGH BURKE-ის საესკადრო ნაღმოსნები და TICONDEROGA-ს კლასის კრეისერები.
„რონალდ რეიგანის ავიამზიდის დამრტყმელ ჯგუფთან ერთად მუშაობა უზრუნველყოფს მოწინავე, მაღალი დონის წვრთნების ჩატარებით შესაძლებლობების გაზრდას და საომარი მოქმედებებისთვის გაძლიერებულ მზაობას“ - განაცხადა კაპიტანმა ტოდ კიმიქატამ, საზღვაო ძალების საგემბანო ავიაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა.
ამერიკული მედია ავრცელებს მიმდინარე წვრთნების ამსახველ კადრებს, სადაც ნათლად ჩანს ავიაციისა და ფლოტის ერთობლივი მასშტაბური მოქმედება სწავლების ფარგლებში ჩინეთის ტერიტორიული წყლების სიახლოვეს. კადრებში აგრეთვე ასახულია ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი, ბ-52 და მის ფონზე ფ-18-ის ტიპის გამანადგურებელთა დაჯგუფება, რომელთაც შორ მანძილზე სამიზნის განადგურებაში ივარჯიშეს.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ოფიციალური პეკინი- საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟაო ლიჯენმა დაგმო ამერიკის არმიის წვრთნები და განაცხადა, რომ „ვაშინგტონს ფარული მიზნები ამოძრავებს, რომლითაც რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ“.







მასალის გამოყენების პირობები






