უკანასკნელი წლების განმავლობაში პაკისტანის ავიახაზების არაერთი თვითმფრინავი ჩამოვარდნილა, რისი მიზეზიც შესაძლოა, ბრიტანული მედიის მიერ გავრცელებული სენსაციური ინფორმაცია იყოს- სამოქალაქო ავიაციის პილოტთა საერთო რაოდენობის 1/3-ს ყალბი ლიცენზია აქვს, რის გამოც უმრავლეს მათგანს ფრენისთვის სრულყოფილი ცოდნა არ გააჩნიათ.
ქვეყნის ავიაციის მინისტრმა, სარგარ ხანმა საჯაროდ შემაშფოთებელი კვლევის შედეგების შესახებ ამცნო საზოგადოებას. პაკისტანში მაისში ჩამოვარდნილი სამოქალაქო ლაინერის ავიაკატასტროფის მიზეზების გამოვლენისთვის მიმდინარე გამოძიების ფონზე დადგინდა, რომ პილოტთა უდიდეს ნაწილს არ გააჩნია ფრენის საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული გამოცდილება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ პაკისტანის 860 პილოტიდან 262-ს არ გააჩნია ფრენის ოფიციალური ლიცენზია- აღნიშნულ მფრინავებს არ გაუვლიათ სპეც მომზადება და არც ფრენისთვის აუცილებელი გამოცდები ჩაუბარებიათ.
პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების სპიკერის თქმით, უწყებაში მიმდინარეობს „დამნაშავე პილოტების“ აღმოჩენისა და სამოქალაქო ავიაციიდან „გაგდების“ ოპერაცია.
შეგახსენებთ, რომ 22 მაისს საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა A320 აერობუსის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი, საბორტე ნიშნით 8303. ავიალაინერში მყოფი 99 ადამიანიდან 97 გარდაიცვალა. დაუდასტურებული ვერსიით, მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული თვითმფრინავის პილოტი დიდი გამოცდილების მქონედ ითვლებოდა, იმ მფრინავთა შორისაა, რომელთაც ფრენისთვის ყალბი ლიცენზია მოიპოვეს.



მასალის გამოყენების პირობები






