მძიმე წონაში ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მაიკლ ტაისონი, თავის ახლახან გამოქვეყნებულ ავტობიოგრაფიაში „უდავო სიმართლე“, აღიარებს, რომ დიდი ხნის მანძილზე, ორთაბრძოლების წინ, მძიმე ნარკოტიკებს იღებდა, იუწყება The Telegraph.
მსოფლიოს აბსოლუტურმა ჩემპიონმა (1987-1990წლები) მოყვა, რომ კოკაინი პირველად 11 წლის ასაკში გასინჯა, ხოლო ალკოჰოლი - ჯერ კიდევ ბავშვობაში ნიუ-იორკში ყოფნისას.
2000 წელს, ლუ სავარიზთან ორთაბრძოლამდე, ტაისონმა დოპინგ-ტესტის გასავლელად, სხვისი შარდით სავსე ხელოვნური პენისის გამოყენების მეთოდი მოიფიქრა. იმავე წელს, ანჯეი გოლოტასთან ბრძოლის შემდეგ, მაიკლი 200 ათასი დოლარით დააჯარიმეს დოპინგ-ტესტისას სისხლში მარიხუანის კვალის აღმოჩენის გამო, რადგან ტაისონმა ვერ მოასწრო, ერთ-ერთი თავისი თანაშემწისთვის, ხელოვნური ორგანო გამოერთმია.

ტაისონმა ასევე მოყვა, რომ 2002 წელს, ლენოქს ლუისთან ორთაბრძოლამდე, პრესკონფერენციაზე, კოკაინის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, მოწინააღმდეგეს ფეხზე უკბინა.
მოკრივემ გაიხსენა 1997 წლის ცნობილი ეპიზოდი, როდესაც ორთაბრძოლის დროს ევანდერ ჰოლიფილდს ყურის ნაწილი მოაკვნიტა. ამის არგუმენტად მოიყვანა ის, რომ ოპონენტი მუდმივად იყენებდა აკრძალულ დარტყმას თავით.
ავტობიოგრაფიაში მოკრივე იხსენებს თავის ურთიერთობებს ქალებთან, იმას თუ როგორ დახარჯა მილიონობით დოლარი და გაკოტრებული აღმოჩნდა, ასევე - ციხეში ყოფნას. ერთადერთი, რასაც ტაისონი კვლავ კატეგორიულად უარჰყოფს, ეს არის დეზირე ვაშინგტონის გაუპატიურება, რის გამოც 1992 წელს ექვსი წელი მიუსაჯეს, რომელთაგან სამი მოიხადა.
მასალის გამოყენების პირობები






