განცხადების ავტორები ეროვნული გამოცდების ჩატარების მოქმედი ფორმატის გადახედვას მოითხოვენ.
"ბატონო მინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდენტური ომბუდსმენი“ მოგმართავთ თხოვნით, გადაიხედოს ეროვნული გამოცდების ჩატარების მოქმედი ფორმატი იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, პანდემიით გამოწვეული საფრთხეები თავიდან იქნეს აცილებული და, მეორე მხრივ, გამოსაცდელების ინტერესებიც იქნეს გათვალისწინებული.
მიგვაჩნია, რომ გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული ზომები, კერძოდ, ერთ ოთახში გამოსაცდელთა რაოდენობის შემცირება, მაგიდებს შორის დისტანციის დაცვა, აუდიტორიების ბუნებრივი ვენტილაცია, მაგიდებზე დამცავი ფარების დამონტაჟება და სხვა ღონისძიებები არაა საკმარისი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, რასაც ის გარემოებაც ადასტურებს, რომ გატარებული ზომების მიუხედავად, მაინც სავალდებულოა გამოსაცდელთა მიერ გამოცდის მიმდინარეობისას პირბადის ტარება. აღნიშნულ საფრთხეებთან ერთად გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამედიცინო პირბადის მოხმარების სავალდებულოობა საგამოცდო პროცესს გამოსაცდელთათვის კიდევ უფრო სტრესულსა და გაუსაძლისს გახდის.
მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, სასწრაფოდ შეიცვალოს ფორმატი - გაიზარდოს საგამოცდო ცენტრების რაოდენობა, გამოყენებულ იქნას ღია სივრცეები, მაგალითად, საფეხბურთო სტადიონები, სპორტის სასახლეები და ა.შ.
ზემოთაღნიშნული ცვლილებებით, რომლებიც გამოცდის მიმდინარეობისას სამედიცინო პირბადის გამოყენების აუცილებლობასაც მოხსნის დღის წესრიგიდან, მაქსიმალურად ავირიდებთ ვირუსის გავრცელების საფრთხეებს და, ამასთანავე, დაცული იქნება არანაკლებ მნიშვნელოვანი - გამოსაცდელთა ინტერესებიც"- აცხადებენ ახალგაზრდები.
მასალის გამოყენების პირობები






