პანკისის ხეობის უხუცესის, ხასო ხანგოშვილის სახლის ჩხრეკა, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება.ამის შესახებ უხუცესმა თავად განაცხდა.
სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, ხანგოშვილი ამბობს, რომ ქავთარაძეზე დაკავებული მამაკაცი ბოლო ორი თვეა მის შვილთან მეგობრობდა და წინა ღამეს ხეობაში, მათ სახლშიც სტუმრობდათ.
ხანგოშვილის ინფორმაციით, მამაკაცი სახელად ახმედი, ამბობდა, რომ საქართველოში ბიზნესი ჰქონდა და ჩართული იყო ვისო მუთოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში, რომლის მიზანი დაპირისპირებული ოჯახების შერიგებაა.
"ის ჩაერთო შერიგების საკითხში...მოკლულის ძმას და ამ ბიჭებს საერთო ნაცნობი ჰყავდათ, რომელიც თურქეთში ცხოვრობს...ეჭვმიტანილია რაღაც დანაშაულშიო, თქვეს, რომ აპირებდა, მაგრამ ეს დანაშაული არ შეუსრულებია" - ამბობს ხანგოშვილი.
რაც შეეხება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ თემას, ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ ოჯახში ამ თემაზე არასდროს უსაუბრიათ.
უცხუცესის ინფორმაციით, მისი ვაჟი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე გამოკითხა, თუმცა ოჯახს არ აქვს ინფორმაცია დაკავებულია თუ არა ის.
შეგახსენებთ, ჩხრეკა სოფელ დუისში გუშინ ჩატარდა. გარდა ამისა, ქავთარაძის ქუჩაზე, "დრიმ თაუნში" სუს-მა სპეცოპერაცია რა დროსაც ერთი ადამიანი დააკავეს. ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებულის ბინიდან სამართალდამცავებმა დალუქული პაკეტი ამოიღეს, რაც შესაძლოა, ნარკოტიკული საშუალება ყოფილიყო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
მასალის გამოყენების პირობები






