პარლამენტმა პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს 73-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კანონპროექტი სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ პანდემიის ან ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.
ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით. ასევე, 20-ლარიანი ჯარიმა არის გათვალისწინებული ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევაზე.
პირბადის ტარების წესს, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, საქართველოს მთავრობა ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო დაადგენს. კანონპროექტით განისაზღვრება ისიც, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სახდელის დადებას, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი ორგანოების გარდა, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოებიც განახორციელებენ.
მოქალაქეებს, რომელთაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, საშუალება ექნებათ, სამედიცინო დაწესებულებებს მომართონ, შესაბამისი ცნობა აიღონ, საჭიროებისამებრ წარადგინონ და 20 ლარით აღარ დაჯარიმდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






