„ჩემი მშობლები ექვსი წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. მე 9 წლის ვიყავი. მახსოვს იმედგაცრუება, მაგრამ არასდროს მინახავს მათი ჩხუბი, შესაბამისად არც წარმომედგინა, რომ ოჯახი აღარ ვიყავით. რაღაც დროის შემდეგ მე მათი განშორება გავითავისე და დავუშვი, რომ შესაძლოა მათ სხვა ადამიანებთან ქონოდათ ურთიერთობა. მე მინდოდა, რომ ისინი ბედნიერები ყოფილიყვნენ.
დედაჩემმა ახალი პარტნიორი მალევე იპოვა. ბილი ჩემი და ჩემი ძმების ცხოვრების უდიდესი ნაწილი გახდა. ჩვენ ერთად დავდიოდით დასასვენებლად, მის ოჯახთან ერთად ვატარებდით დროს. ამასთან, ის ყოველთვის პატივს სცემდა მამაჩემს. მას ვუყვარდით და ზრუნავდა ჩვენზე და ჩვენც გვიყვარდა და ვფიქრობდით მასზე.
მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც დედამ სახლი იყიდა და ბილს ჩვენთან გადმოსვლა შესთავაზა. ის ჩვენს ცხოვრებაში სამ წელიწად ნახევარი იყო. მეხუტებოდა, ფეხზე მასაჟს მიკეთებდა და მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი, არასდროს გამიაზრებია თუ რა სურდა მას.
ერთ დღეს, როდესაც შხაპს ვიღებდი, მთელი სამყარო თავზე დამემხო. ბილმა კიბეზე გამაჩერა და მკითხა თუ მსურდა მასაჟი. მე არ მინდოდა მისი წყენინება, თან მას „ნამდვილი“ მასაჟი აქამდეც გაუკეთებია, შესაბამისად დედას ოთახში შევედი და ბილმა ჩემი შეხება დაიწყო, მათ შორის შეუფერებელ ადგილებშიც. არაფერი მეცვა, მხოლოდ პირსახოცი მეფარა. თავს ცუდად ვგრძნობდი, მაგრამ მეუბნებოდა, რომ უნდა მოვდუნებულიყავი. არ ვიცოდი რა მექნა. მაშინ ვერ ვიაზრებდი, თუ რა მესიჯს მიგზავნიდა, თუმცა თავს ცუდად ვგრძნობდი. ვუთხარი, რომ [მასაჟი] საკმარისი იყო და ოთახიდან გავედი.
იმავე ღამით დაბნეული ვიყავი. ვფიქრობდი, რომ ბილი მე არასდროს არაფერ დამიშავებდა და არ მინდოდა სხვა რამის დაჯერება. შემდეგ დღეს, როდესაც ის ქალაქიდან გავიდა, მე ყველაფრის დავიწყება გადავწყვიტე. როდესაც ბილი დაბრუნდა, ის კვლავ მიგზავნიდა გარკვეულ მესიჯებს, თუმცა მე ვაიგნორებდი და ვცდილობდი მისთვის თავი ამერიდებინა. მე მხოლოდ 12 წლის ვიყავი, თუმცა შინაგანად ვგრძნობდი, რომ ეს ყველაფერი სწორი არ იყო.
5 თვის შემდეგ, როდესაც მამას სახლში ვიყავი, მოულოდნელად დავიწყე ტირილი. დავიწყე ფიქრი, რომ ბილმა საზღვრები გადალახა. საბოლოოდ მამაჩემს ვუთხარი, რომ დედას ახალი შეყვარებული თავს არაკომფორტულად მაგრძნობინებდა, რაზეც დამაზუსტებელი შეკითხვა დამისვა: „მაგრამ არა ფიზიკურად, მართალია?“
არ ვიცოდი რა მეთქვა, ხმას ვერ ვიღებდი, ჩემი სხეულიდან სიტყვების ნაცვლად ცრემლები გადმოდიოდა. რამოდენიმე დღეში მამას ყველაფერი მოვუყევი და მშობლებმა ისტორია სოციალურ მუშაკს შეატყობინეს. მათ თავის მხრივ საქმე პოლიციას გადასცეს.
მე და ჩემი ძმები დედას სახლში აღარ მივდიოდით, აგვეკრძალა, თუმცა ის სტუმრობდა ჩვენს ადგილსამყოფელს ხშირად. ძალიან რთული იყო იმის გააზრება, რომ ის ჯერ კიდევ ბილთან ერთად ცხოვრობდა. გარკვეული დროის შემდეგ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რაზეც დედა გაბრაზდა. ის ფიქრობდა, რომ ბილი უარესს იმსახურებდა.
დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ბილი შესაძლოა სკოლაში მოსულიყო და ძებნა დაეწყო. საოცრად მტკივნეული ფიქრები მაწუხებდა. გარკვეულ სცენარებზე ეხლაც მეფიქრება. ჯერ კიდევ შეშინებული ვარ, მაგრამ ამ საშინელმა ფაქტმა ჩემი ცხოვრება შეცვალა და მე გამაძლიერა. მე ბედნიერი ვარ, რომ მყავს კარგი ოჯახი და საუკეთესო მეგობრები. ვიაზრებ თუ რამდენად მნიშვნელოვნები არიან ჩემთვის. მსოფლიოში ძალიან ბევრი კარგი ადამიანია.“
მასალის გამოყენების პირობები






