აშშ-ში დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება ამერიკელი სამხედროების სრულ მზადყოფნაში მოყვანასა და მათი წესრიგის დასამყარებლად გამოყენებასთან დაკავშირებით დაგმო. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ტრამპის ქმედება მიზანმიმართულია დააპირისპიროს ამერიკელი ჯარისკაცები მშვიდობიან მოქალაქეებთან.
„დონალდ ტრამპი ამერიკელ სამხედროებს ამერიკელების წინააღმდეგ იყენებს. მან მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და აგრეთვე რეზინის ტყვიები გამოიყენა. ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნის სულისთვის ის უნდა დავამარცხოთ, რასაც მხოლოდ ერთად ყოფნით გავაკეთებთ“.
აღნიშნულ ფაქტს აგრეთვე გამოეხმაურა ნიუ-იორკის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო, რომელმაც ტრამპი სამხედროების მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებაში დაადანაშაულა.
„მას ამ მოვლენისგან რეალითი შოუს გაკეთება სურს. იგი ჯერ სამხედროებს დემონსტრანტების დარბევისთვის იყენებს, შემდეგ კი ეკლესიაში სალოცავად შედის. პრეზიდენტი, რომელიც სამხედროებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იყენებს სამარცხვინოა“- განაცხადა კუომომ.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა აშშ-ში მიმდინარე დემონსტრაციების დროს ძალადობისა და ძარცვის ფაქტები დაგმო და კრიმინალებს აღუთქვა, რომ მათ წინააღმდეგ აუცილებლად ადეკვატურ ძალას გამოიყენებს, რათა წესრიგი აღდგეს ქვეყანაში. ტრამპის ინიციატივით სამხედრო ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოდის, რომლის უმრავლესი ნაწილი ქვეყანაში წესრიგის დაცვასა და ძალადობის აღკვეთას უზრუნველყოფს პოლიციის დანაყოფებთან ერთად.
მასალის გამოყენების პირობები






