აშშ-ში ნამდვილი ქაოსია- დიდი ქალაქები მასობრივმა არეულობამ და ძალადობამ მოიცვა-ხშირია სახელმწიფო შენობებზე, ჟურნალისტებსა და პოლიციელებზე თავდასხმის შემთხვევები. ტვიტერის საშუალებით ვრცელდება ფოტო-ვიდეო კადრები, სადაც ასახულია თუ როგორ ამტვრევენ პოლიციელთა მანქანებს დემონსტრანტები.
დეტროიტში მძვინვარე პროტესტის ფონზე ადგილობრივ პოლიციაში დაადასტურეს ერთი ადამიანის გარდაცვალების ფაქტი. სამართალდამცავების თქმით, აღნიშნულ ინციდენტში არ ყოფილან ოფიცრები ჩართულნი.
დეტროიტის პოლიციის სპიკერის თქმით, უცნობმა დამნაშავემ ისროლა საპროტესტოდ განწყობილი მოქალაქეების მიმართულებით-გასროლა განხორციელდა ნაცრისფერი DODGE DURANGO-ს ტიპის მანქანიდან. შემთხვევის შედეგად მძიმედ დაიჭრა 19 წლის ახალგაზრდა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მასობრივი ძალადობისა და არეულობის ფაქტები ფიქსირდება აგრეთვე მინესოტასა და ჯორჯიის შტატებში, სადაც მთავრობამ ეროვნული გვარდია გაგზავნა პროტესტის ჩასახშობად.
ვრცელდება აგრეთვე კადრები თუ როგორ აწყობენ დემონსტრანტები თეთრი სახლის გარე ტერიტორიაზე ბარიკადებს. კადრებში ჩანს როგორ ისვრიან პოლიციელთა მიმართულებით ბოთლებს დემონსტრანტები და ხმამაღალი შეძახილებით მიმართავენ სამართალდამცავებს - „სირცხვილი თქვენ“.
აგრეთვე მძიმე მდგომარეობაა დენვერში, სადაც საპროტესტო განწყობის მქონე ჯგუფმა სამიზნედ უზენაესი სასამართლოს შენობა ამოიღო. არსებობს კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ამტვრევენ შენობის ფანჯრებს ამბოხებულები. ნიღბიანი კანონდამრღვევები კი პორტლენდის იუსტიციის სახლში შეიჭრნენ და დაარბიეს აპარატურა, დაამტვრიეს ტექნიკა და ინვენტარი- ნაწილი კი გაძარცვეს.
შეგახსენებთ, რომ 40 წლამდე ასაკის აფროამერიკული წარმოშობის ფლოიდ ჯორჯ ფლოიდი 2 დღის წინ მინეაპოლისის პოლიციელმა მოკლა, რაც ქვეყანაში მასობრივი არეულობის კატალიზატორი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






