რა თანხმლები დაავადებები ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულებს საქართველოში - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევის თანახმად, კორონავირუსის მიმდინარეობისას თანმხლებ დაავადებებს შორის ყველაზე ხშირი იყო ჰიპერტენზია (10%), დიაბეტი (4%) და თირკმლის დაავადება (2%). ქალებში, ზოგადად, თანხმლები დაავადება უფრო ხშირი იყო, კაცებთან შედარებით.
რაოდენობის მიხედვით, სტაციონარში მოთავსებამდე თანმხლები დაავადებების მონაცემები ასე ნაწილდება:
ჰიპერტენზია დაუდასტურდა 48 ადამიანს,
დიაბეტი 20-ს,
თირკმლის დაავადება 10-ს,
ფილტვის ქრონიკული დაავადება 8-ს,
ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება 8-ს,
კიბოს დიაგნოზი ჰქონდა 4 ადამიანს, ღვიძლის დაავადება კი 2-ს.

კვლევის ჩასატარებლად ავტორებმა გაანალიზეს სტაციონარიდან გაწერილი 168 ადამიანის მონაცემები, რომელთაგანაც თანმხლები დაავადებები, სულ, 17-ს ჰქონდა. აქედან 7-ს ჰქონდა ჰიპერტენზია, დიაბეტი ჰქონდა 1 პაციენტს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები 4-ს, ქრონიკული რესპირაციული დაავადება 1-ს, ავთვისებიანი სიმსივნე 3-ს, ვირუსული ჰეპატიტი კი 1 მათგანს.

ფოტო: NCDC
კვლევის მიხედვით, სტაციონარიდან გაწერილი 168 ადამიანიდან რეგისტრირებულია გამოჯანმრთელების 162 შემთხვევა, 6 შემთხვევა კი დასრულდა ლეტალურად [ლეტალობის მაჩვენებელი – 3.6%]. გარდაცვლილთა შორის უმეტესობა 70 და უფროს ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.
11 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში სულ გარდაცვლილი იყო 10 ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა შორის, თანმხლები დაავადებებიდან ყველაზე ხშირი სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევები იყო, რომელიც საერთო რაოდენობის 77%-ს შეადგენდა.

ფოტო: NCDC
19 მაისის 14:30 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურდა 702 შემთხვევა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 456 და გარდაიცვალა 12 პაციენტი.
დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ამ ტიპის ანალიზი პანდემიის პერიოდში თვეში ერთხელ რეგულარულად განახლდება.
მასალის გამოყენების პირობები






