წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს 30 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება - ამის შესახებ ინფორმაციას წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ზაზა ლურსმანაშვილი ავრცელებს.
მათი თვითიზოლაციაში გადაყვანის მიზეზი გახდა ის, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა საკარანტინო ზონაში მყოფ პირს, რომელიც მანამდე აღნიშნულ კლინიკაში იმყოფებოდა.
ლურსმანიშვილის თქმით, თანამშრომლები უკვე შემოწმდნენ „პისიარით“ და სწრაფი ტესტით. პასუხები უარყოფითია.„ჩვენს კლინიკაში პაციენტი პნევმონიით შემოვიდა პირველ მაისს, ვუმკურნალეთ და პალატიდან გაეწერა 8 მაისს, რის შემდეგაც გუდაურის საკარანტინო ზონაში დაბრუნდა, სადაც მანამდეც იმყოფებოდა, რადგან ქალბატონი თეთრიწყაროდანაა და ის არის ექთანი.
კარანტინში ჩაუტარდა სწრაფი და „პისიარ“ კვლევა, თუმცა ორივეს პასუხი იყო უარყოფითი, მაგრამ რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა, ჩვენთან გადმოყვანამდე ასევე იმყოფებოდა „ცხელების ცენტრში“, მცხეთაში, თუმცა ვირუსი არც იქ დაუდგინდა.
ამის შემდეგ, რადგან პაციენტს ჰქონდა ჩივილები, მოთავსდა ჩვენთან პნევმონიით, გავწერეთ და გადავიდა ისევ საკარანტინო ზონაში, რომლის დატოვებამდე ერთი დღით ადრე, საკონტროლო ტესტმა აჩვენა დადებითი პასუხი. ამის შემდეგ ჩვენი მედპერსონალი, 30 ადამიანი გადავიდა თვითიზოლაციაში“, – განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






