8 ნოემბერს, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციაში (იუნესკო), აშშ-მ ხმის უფლება დაკარგა, იტყობინება Associated Press.
ამერიკულმა დელეგაციამ ორგანიზაციის გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენის უფლება ავტომატურად დაკარგა. ეს მოხდა იუნესკოს ბიუჯეტში შესატანი საფასურის გადახდაზე აშშ-ს უარის თქმის გამო, რაც 2011 წელს პალესტინის იუნესკოში სრულუფლებიან წევრად აღიარებას მოჰყვა.
ამერიკული დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ, იუნესკომ დახურა რიგი პროგრამები, რომლებსაც აშშ მნიშვნელოვნად თვლიდა. კერძოდ, საუბარია ერაყში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე და სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეთათვის ჰოლოკოსტის შეახებ ინფორმირების პროგრამაზე.
აშშ-მ იუნესკოს დაფინანსება საკუთარი კანონმდებლობის თანახმად შეწყვიტა. კანონი ადგენს, რომ აშშ-მ უნდა შეწყვიტოს ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსება, რომლებიც პალესტინას თავის სრულუფლებიან წევრად აღიარებენ.
ამერიკის ხელიუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება პალესტინის 1967 წლის ომამდე საზღვრებში საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებას, რადგან ეს საზღვრები არ აწყობს ისრაელს. მიუხედავად ამისა, იუნესკომ და გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პალესტინა აღიარეს დამოუკიდებელ წევრ-სახელმწიფოდ, რომელიც უცხოური ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. იგივეს გაკეთების მცდელობა გაეროს უსაფრთხოების საბჭოში აშშ-ს წარმომადგენელმა დაბლოკა.
მასალის გამოყენების პირობები






