რუსეთის არმიაში კორონავირუსზე დადებითი პასუხი 1254 სამხედროს დაუდგინდა. ინფექცია დაუდასტურდა აგრეთვე სამხედრო სასწავლებლებში მოსწავლე 1228 კურსანტს- ამის შესახებ ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
„რუსეთის შეიარაღებულ ძალებში პერმანენტული ტესტირების განმავლობაში მარტის თვიდან 3 მაისამდე დაავადების 1254 შემთხვევა აღინიშნა, რომლის ფონზეც მკურნალობას სამხედრო ჰოსპიტალებში 344 ჯარისკაცი გადის, 375 მათგანი საიზოლაციო სივრცეში იმყოფება ბაზებზე, 13 კი სახლში გადის მკურნალობას. 2 თვის განმავლობაში რუსეთის არმიაში გამოჯანმრთელების მხოლოდ 157 შემთხვევა დაფიქსირდა“- ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 134 687 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან ოფიციალური მონაცემების თანახმად, 1300 ფატალური შემთხვევა აღინიშნა. 116 000-ზე მეტი პაციენტი ამ დრომდე მკურნალობას გადის საავადმყოფოებში. 2300-ზე მეტი ადამიანი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია-უმრავლესი მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
მასალის გამოყენების პირობები






