საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეებს მიმართავს და სთავაზობს, რომ თავშესაფარი მათ ეკლესიაში მიიღონ.
აღნიშნულზე სონღულაშვილმა ქადაგებაზე ისაუბრა და გამოეხმაურა თბილისის მერიასთან უბედურ შემთხვევას, როცა ტრანსგენდერმა ქალმა თავის დაწვა სცადა.
"მე მინდა, მივმართო ყველა ადამიანს, ვინც დარჩენილია უსახლკაროდ, ულუკმაპუროდ, ტრანსგენდერი იქნება თუ ვინ იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. მოდით ჩვენთან ეკლესიაში და ჩვენ გაგიზიარებთ, რაც გვაქვს. წინასწარ ბოდიშს გიხდით მოკრძალებულობაზე, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ", - აღნიშნა მან.
მისი თქმით, სირცხვილია, როცა ადამიანი მზადაა თავი დაიწვას იმის გამო, რომ "მისი ბედი არავის აინტერესებს".
"თითოეული ადამიანი, ტრანსსექსუალი იქნება ეს თუ ჰეტეროსექსუალი, ჰომოსექსუალი, შავკანიანი თუ თეთრკანიანი, ღმერთის ხატად და სახედ არის შექმნილი, შესაბამისად ჩვენ ყველას მოწიწებული დამოკიდებულება გვმართებს ამ ადამიანის მიმართ.
ჩვენი ზრუნვის სამიზნე არის არა მარტო ადამიანი, არამედ ზრუნვა მთელი სამყაროს მიმართ გვმართებს. ვამაყობ იმ ახალგაზრდებით, რომლებიც ამ კარანტინის პირობებში გამოდიან ჩანთებით ხელში და საკვებს ურიგებენ ქუჩაში მყოფ ცხოველებს და ამით გამოხატავენ თავიანთ თანადგომა. რა თქმა უნდა, ისინი არ ფიქრობენ, რომ დიდ რელიგიურ საქციელს სჩადიან, მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, ამაზე დიდი რელიგიური საქციელი არ არსებობს, როდესაც შეგიძლია, უანგაროდ გაიღო სიკეთე ამ სამყაროს თითოეული წევრის მიმართ, ვინც არ უნდა იყოს იგი", - განაცხადა მალხაზ სინღულაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






