მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ბრალდებამ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს, მამა დავით აქიაშვილს ბრალი არქიმანდრიტ საბას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის ოფიციალურად წაუყენა, დღის წესრიგში დადგა საკითხი - რას მოიმოქმედებს საქართველოს საპატრიარქო ეპარქიის წინამძღვრის, მეუფე იობთან მიმართებით, რომლის შვილობილს უმძიმესი დანაშაულისთვის 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამას ემატება მაღალი იერარქის მიერ ნათქვამი ტყუილი, რომელიც ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებას საგულდაგულოდ მალავდა და კონფლიქტს საერთოდ უარყოფდა. ცნობისთვის, მეუფე იობმა 20 აპრილს ყინწვისში მომხდარი ფაქტი უარყო. საბოლოო ჯამში კი პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით, მეუფის შვილობილი, მამა დავითი დააკავა.
თეოლოგებისა და მეუფეების ნაწილი ღიად საუბრობს, რომ ურბნისელი მიტროპოლიტის საკითხს საპატრიარქოს ზნეობის კომისიაზე განიხილავენ. არსებობს უფრო დრამატული მოლოდინიც, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, მეუფე იობს სინოდი საერთოდ დაატოვებინონ.
საპატრიარქოს მხრიდან მსგავს ნაბიჯს თითქმის გამორიცხავს თეოლოგი ვლადიმერ ნარსია, რომელიც "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ მეუფე იობი სინოდში გავლენებით სარგებლობს და მას ბევრი თანამოაზრე ჰყავს.
"მიტროპოლიტი პეტრე ცაავასგან განსხვავებით, რომელიც სიმართლისთვის იბრძოდა, მეუფე იობს სინოდში მაღალი გავლენა აქვს და მფარველიც ჰყავს, პატრიარქის სახით. ჩვენ ვიცნობთ საპატრიარქოს მოქმედების წესებს, ისინი შეეცდებიან მეუფის შვილობილი, მამა დავითი როგორმე გამოაძვრინონ აღნიშნული საქმიდან.
სიმართლე გითხრათ, არ ველოდები რომ მეუფე იობს მკაცრ საჯელს დაადებენ. სავარაუდოდ, მოვლენები იმ სცენარით განვითარდება, რაც მოხდა მეუფე იაკობთან დაკავშირებით, როცა ბოდბელმა ეპისკოპოსმა სკანდალური განცხადებები გააკეთა და სახელმწიფოს უმაღლესი პირების მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე ისაუბრა. მაშინ, საპატრიარქოში განაცხადეს, რომ მეუფე იაკობმა პატრიარქს აღსარება ჩააბარა და მოინანია, ამით დასრულდა ეს ისტორია" - აცხადებს თეოლოგი.
ვლადიმერ ნარსია "ორპირსა და უპრინციპოს" უწოდებს იმ სასულიერო პირებს, რომლებმაც მამებს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება დამალეს:
"ფაქტი მოხდა სააღდგომო ტრაპეზზე, სადაც სიყვარული უნდა ზეიმობდეს. სახეზე გვყავს ეპისკოპოსი, რომელიც იტყუება. იტყუება სასულიერო პირი, რომელიც დაზარალებულადაა მიჩნეული. თავი რომ დავანებოთ საეკლესიო მორალს, ეს ადამიანები საზოგადოების წინაშე არ გრძნობენ არავითარ ვალდებულებას, თქვან სიმართლე"- უთხრა "ნიუპოსტს" ნარსიამ.
თეოლოგი საპატრიარქოს ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბრალდებულ სასულიერო პირს სახელმწიფოსგან დასაცავად ადვოკატი აუყვანეს. ვლადიმერ ნარსია სვამს კითხვას, რატომ არ ენდობა საპატრიარქო მეუფე იობის შვილობილთან მიმართებით სახელმწიფოს, როცა ეკლესიის მესვეურები ე.წ. ციანიდის საქმეში მამა გიორგი მამალაძის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და მიუხედავად საქმეში არსებული ბუნდოვანებებისა სახელმწიფოს სრული ნდობა გამოუცხადეს:
"რატომ დასჭირდა ადვოკატი ბრალდებულ სასულიერო პირს, ვისგან იცავს ეკლესია აქიაშვილის შვილობილს, სახელმწიფოსგან? დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით ხომ პრინციპულად სხვა პოზიცია გააჩდა - ჩვენ ვენდობით გამოძებას, ჩვენ ვენდობით სახელმწიფოსო, რადგან ეკლესია ვართ და სხვაგვარად არ შეგვიძლიაო! ეხლა რატომ არ ენდობიან სახელმწიფოს? ეპისკოპოსი გამრეკელი რომ გვეუბნება - რა იცით, შეიძლება ცილს სწამებენ (ბრალმდებელი სახელმწიფოა!) იობის შვილობილსო, მამალაძესთან დაკავშირებით ჩვენ რომ ვეუბნებოდით სახელმწიფოს ბრალდება ცილისმწამებლური და ტყუილიათქო, მაშინ რატომ დაგვისახა სამართლიანობის უკანასკელ ინსტანციად სახელმწიფო? ასეთია დღევანდელი ეპისკოპოსთა უმრავლესობის სახე, ორპირი და უპრინციპო!"- აღნიშნავს თეოლოგი.
ვლადიმერ ნარსია დასძენს რომ ამ მომენტამდე სახელმწიფო ბრალდება ყინწვისის მონასტრის წინამძღვრის, მამა დავით აქიაშვილთან მიმართებით კანონის დასაცავად შეუვალობას ავლენს, თუმცა იქვე იმასაც დასძენს, რომ "უცნობია ბოლომდე შეინარჩუნებს თუ არა სახელმწიფო ამ პოზიციას, ან რა ტრიალებს საპატრიარქოსა და მასთან დაახლოებული ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების თავებში ამ საქმის ჩასაფარცხად".
თეოლოგის თქმით, უმძიმესი დანაშაულის ჩაფარცხვის შემთხვევაში "სახელმწიფო ბრალდება საზოგადოების მხრიდან დაკისრებულ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და ეს კიდევ ერთ სამარცხვონო ლაქად დარჩება სახელმწიფოსა და საპატრიარქოს ურთიერთობის ისტორიაში".
ყინწვისში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია პირველმა, "ნიუპოსტმა" წყაროზე დაყრდნობით - 22 აპრილს გაასაჯაროვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც საპატრიარქო მომდევნო ერთი კვირის მანძილზე დუმდა, ბოლოს კი გომელაურის უწყებამ მომხდარი დაადასტურა და სასულიერო პირის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში არაფერია ნათქვამი, სააღდგომო ტრაპეზზე მომხდარ დაპირისპირების ეპიზოდზე, უწყება ოფიციალურ წერილში წერს, რომ დაკავებულმა გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩვენი წყარო, ყვება, რომ მამა დავითსა და არქიმანდრიტ საბას შორის დაპირისპირება, მონასტრის ტერიტორიაზე, ტრაპეზობისას დაიწყო, საქმე იქამდე მივიდა, რომ საჭირო რომ საჭირო გახდა მეუფე იობის ჩართვაც, რომელიც მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირებულებს აშველებდა.
მონასტერში მომხდარის შესახებ საუბრისგან თავის იკავებენ, ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ინცინდენტში მეუფის თანდასწრებით არ მომხდარა.
კობა კობაიძის, იგივე მამა დავით აქიაშვილის სასამართლო პროცესი უახლოეს პერიოდში გაიმართება. მანამდე კი ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი დუმილის უფლებას იყენებს.
მასალის გამოყენების პირობები






