საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკარგულ 80 წლის მამაკაცს ეძებენ.
უწყების ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ კაცი, რომელიც სოფლის ნახირს მწყემსავდა, მეორე დღეა, გაუჩინარებულია.
"დაკარგული მოქალაქის ტანსაცმელი ნაპოვნია მდინარე ალაზნის ნაპირზე. საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე. მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მუშაობდნენ ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ღამის სანათი მოწყობილობის მეშვეობით განხორციელდა მდინარის ზედაპირის მონიტორინგი", - ამბობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
უწყებაში აცხადებენ, რომ პერიმეტრს დრონით ათვალიერებენ, ასევე, ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობს წყლის ფსკერის მონიტორინგი. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, მდინარეში მუშაობს მყვინთავთა ჯგუფი და პარალელურ რეჟიმში გრძელდება მდინარის ნაპირის დათვალიერება.ადგილზე, სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
მასალის გამოყენების პირობები






