ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფომ, ექიმებმა და საზოგადოებამ შეძლო ის, რომ ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი საქართველოში არ ფიქსირდება.
„მადლობა მინდა გადავუხადო დაავადებათა კონტროლის ცენტრის და მთლიანად სამედიცინო პერსონალის სახელით საზოგადოებას მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც გაითვალისწინა და ითვალისწინებს რეკომენდაციებს, რომელსაც დღეს საქართველოს სახელმწიფო, სამედიცინო სექტორი იძლევა ჩვენი მოსახლეობისათვის. სამ თვეზე მეტია რაც ამ გლობალურ გამოწვევასთან ვართ ბრძოლაში. ვირუსმა უზარმაზარი ზიანი მიაყენა ბევრ ქვეყანას 2 მილიონ ნახევარი ადამიანია დაინფიცირებული და დაახლოებით 6,8%-მდე ავიდა სიკვდიალიანობის მაჩვენებელი.
საქართველომ, ჩვენმა სახელმწიფომ, საზოგადოებამ და პროფესიონალმა ექიმებმა მოვახერხეთ ის რომ დღეს ჩვენთან ინფექციის გავრცელება მაღალი არ არის. წინა კვირაში გვქონდა 3 ნახტომისებური და, მაგრამ სწორედ იმის გამო რომ თქვენ დაიცავით რეკომენდაციები, მოვახერხეთ ის, რომ ზრდის მაჩვენებელი არ სცილდება ყოველდღიურ 10 ახალ შემთხვევას. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა.
ყველაფერი წინ არის, პანდემია ვრცელდება მთელ მსოფლიოში. დიდმა ქვეყნებმაც ვერ გააჩერეს პანდემიის გავრცელება. შიდა გავრცელებიდან დაწყებული უკვე მე-6 დან მე-8 კვირამდე ითვლება ყველაზე უფრო კრიტიკულ კვირებად. დღეს ჩვენ შევედით მე-5 კვირაში, ამიტომ აპრილის ბოლო კვირა, მაისის ბოლო კვირები, მოსალოდნელია, რომ იყოს ინფექციის შემთხვევების მატება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას და გთხოვთ, რომ დავრჩეთ სახლში.
როდესაც ჩვენ პიკს გადავივლით, არსებობს გეგმა თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა თანდათანობით ამ მდგომარეობიდან. გეგმა წარმოდგენილი იქნება. გერმანიამაც თანდათანობით დაიწყო ამ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლა, ასევე ავსტრიამ, ნორვეგიამ და მრავალმა ქვეყანამ. ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.
ყველა ის ღონისძიება რომელიც სახელმწიფომ გაატარა იანვრიდან დღემდე, იყო ძალიან დროული, მიზანდასახული და ყოველთვის ის იძლეოდა შედეგს. შედეგი კი დღევანდელი მდგომარეობა გახლავთ, რომ ქვეყანაში 408 დადასტურებული შემთხვევაა.
ფართოვდება PCR-ზე დამყარებული ტესტები, საკმაო მარაგია ქვეყანაში ტესტების. დღეს უკვე საკმაოდ დიდი კლასტერები გამოვიკვლიეთ: ქობულეთის, ბოლნისში სხვაგან და ძალიან მიხარია რომ ის ქმედებები რაც ჩვენ განვახორციელეთ შედეგს იძლევა. ერთი წუთით მოდუნების უფლება არ გვაქვს, შემთხვევების ზრდა გვექნება მაგრამ არ გვინდა რომ ეს ზრდა იყოს რამოდენიმე ათეული და ასეული, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად შეიძლება იქცეს ჯანდაცვის სისტემისთვის“, - აცხადებს გამყრელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






