ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ამტვირთვი საუბრობს, რომ ინდოეთში ნახმარ ნიღბებს ასუფთავებენ და მათ ხელახლა ყიდიან. მისი თქმით, მსოფლიო მილიონობით ბაქტერიის გავრცელებისთვის უნდა მოემზადოს. ავტორი მაყურებელს ურჩევს, რომ ნიღბები სანდო წყაროსგან შეიძინოს, რათა მომხმარებელმა ინფექციებისგან თავი დაიცვას.
ვიდეოში ჩანს, რომ ხალხი თითქოს N95 რესპირატორულ ნიღბების გაწმენდაზე მუშაობს და ოთახი სავსეა ასეთი ნიღბებით. Youtube გვერდმა PINK Tech-მა ეს ვიდეო 10 მარტს გააზიარა და აღნიშნა, რომ კრიმინალური დაჯგუფება ნახმარ ნიღბებს გაწმენდის შემდეგ ისევ ყიდის.
აღნიშნული ვიდეოს მიხედვით ვერ ვიტყვით, რომ ეს ხალხი ნახმარ ნიღბებს ასუფთავებს და ასაწყობებს გასაყიდად. ინფორმაცია არც სანდო წყაროთი არ დასტურდება.
ინდოეთში N95 რესპირატორულ ნიღბებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა, რაც არც არის გასაკვირი. ახალი კორონავირუსის გამოჩენის დღიდან ნიღბებზე მოთხოვნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ინდოეთში აღნიშნული ნიღბების ბევრი მწარმოებლები არ არის და მოსახლეობა ძირითადად იმპორტულ პროდუქტზეა დამოკიდებული.
რეალურად ვიდეოში თქვენ შესაძლოა სწორედ იმპორტირებულ ნიღბებს ხედავდეთ. მომუშავე პირები მართლაც წმენდენ ნიღბებს, თუმცა არა იმიტომ რომ ისინი მეორადია, არამედ სანამ მათ სარეალიზაციოდ შეფუთავენ, დაზღვევის მიზნით ასუფთავებენ, რადგან იმპორტირებულია.
ის აზრი, რომ შესაძლოა მეორადი ნიღბები სადმე იყიდებოდეს, არარეალური არ არის. უფრო მეტიც, ტაილანდში მსგავსი შემთხვევა პოლიციამ აღკვეთა. დამნაშავეები ნახმარ ნიღბებს ასუფთვებდნენ, აუთოებდნენ და გასაყიდად ამზადებდნენ. ერთ-ერთმა მუშამ კი აღნიშნა, რომ ნახმარ ნიღბებს ისინი ერთი მომწოდებლისგან იღებდნენ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ინდოეთში მეორად ნიღბებზე გავრცელებული ვიდეო მითია და არა რეალობა, თუმცა მოწოდება, რომ ნიღბები სანდო მომწოდებლისგან უნდა შეიძინოთ ადექვატურია, რადგან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ქმედება ტაილანდში დაფიქსირდა.

მასალის გამოყენების პირობები






