ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებამ დადებითი გავლენა მოახდინა ჰაერზე, დედამიწამ ამოისუნთქა.
აქტივისტ ნატა ფერაძის თქმით, თბილისში დაბინძურება უკვე ზღვარს დაბლაა და შეზღუდვების დაწესებიდან დაახლოებით, 10 დღეში ჰაერი დაიწმინდა.
„საბედნიეროდ, თბილისში დგას 5 სადგური, რომელიც ონლაინ გვაჩვენებს მონაცემებს ჰაერის დაბინძურების შესახებ. არა მარტო თბილისში, ასევე რუსთავშიც და ბათუმში. ამ მონაცემებს სულ თვალს ვადევნებდით და თბილისში იწყებოდა ჯერ მწვანეთი, შემდეგ იყო ყვითელი, წითელი და ბოლოს ბორდო (ყველაზე მწვავე დაბინძურების მაჩვენებელი) – უმეტესად ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო დაბინძურება. რაც ეს იზოლაცია და მანქანების შემცირება დაიწყო საოცარი ცვლილებაა თბილისში. დაბინძურება არის ზღვარს დაბლა და ანუ ძირითადი დამაბინძურებლები არიან მანქანები და არა მშენებლობები. რუსთავში სიტუაცია არ შეცვლილა, ქარხნების გამო. შეზღუდვებიდან 10 დღეში ჰაერი დაიწმინდა. სახლში მტვრის გადაწმენდა თუ მჭირდებოდა ყოველდღე ახლა სამ დღეში ერთხელ მჭირდება. ეს უკეთესობა ყველაფერი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს“, – აღნიშნა ნატა ფერაძემ.
ბიოლოგისა და ეკოლოგის ნინო ჩხობაძის თქმით, ძირითადი დამაბინძურებელი საქართველოში არის ტრანსპორტი. მანვე აღნიშნა, რომ ატმოსფეროს უკვე დაეტყო ტრანსპორტის მოძრაობის შემცირება.
„ძირითადი დამაბინძურებელი საქართველოში იყო ტრანსპორტი და ატმოსფეროს დაეტყო ავტომობილების მოძრაობის შემცირება. ატმოსფერომ დაიწყო გაწმენდა. ალერგიული და სასუნთქი სისტემის დაავადებები უკავშირდება დაბინძურებას. ვისაც ალერგიული დაავადება აქვს და სასუნთქი სისტემის პრობლემები, ისინი მოწყვლად ჯგუფში არიან კორონავირუსთან მიმართებით“, – აღნიშნა ჩხობაძემ.
მოქალაქეებიც აღნიშნავენ, რომ კლიმატი და გარემო გაცილებით უფრო გაუმჯობესდა. მათივე თქმით, ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ არაა საჭირო ოჯახის ყველა წევრს მანქანა ჰყავდეს და ის უფრო უსაფრთხო გადაადგილების საშუალებით უნდა შევცვალოთ.
მასალის გამოყენების პირობები






