ბრიტანეთში კორონავირუსისგან 28 წლის ორსული მედდა გარდაიცვალა. მარი აგიევა აგიაპონგი 5 წლის განმავლობაში მუშაობდა ლუტონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში. სწორედ ამ ჰოსპიტალში გარდაიცვალა იგი კვირას.
სამედიცინო დაწესებულების სპიკერის თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი 7 აპრილს დაუდგინდა და მისი მდგომარეობა რამდენიმე დღეში კრიტიკულად დამძიმდა- მას ორმხრივი პნეუმონია აღენიშნებოდა, რამაც დაავადების გართულება გამოიწვია. მისი მეუღლე ამ დროისთვის იზოლაციაში იმყოფება.
„მერი ჩვენთან 5 წელიწადი მუშაობდა და გუნდის საყვარელი წევრი იყო. ის არაჩვეულებრივი სამედიცინო პერსონალი იყო. მთელი გულით თანავუგრძნობთ მერის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს“ - ნათქვამია სამედიცინო დაწესებულების ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით დაინფიცირების 98 476 შემთხვევა აღინიშნა, რომელთაგან 12 868 ფატალური აღმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები






