პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მედიკოსები ფრონტის წინა ხაზზე არიან და თუ გონიერებას მოუხმობთ და რეკომენდაციებს დაიცავთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ.
ტურძელაძე კლინიკაში მყოფ პაციენტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში წევს რამდენიმე პაციენტი, რომელსაც არავითარი ჩივილი არ აქვს.მისი თქმით, უსიმპტომო პაციენტების სახლში მკურნალობა თავისუფლად შესაძლებელია.
„ჩვენ ფრონტის წინა ხაზზე ვართ, აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში, თუ გონიერებას მოუხმობთ და შეასრულებთ მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის გაფრთხილებებს, დარჩებით სახლში, დაიცავთ სოციალურ დისტანციას. სხვა გზა უბრალოდ არ არის. ჩვენ პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ 24 საათის განმავლობაში, რომ აქედან გამოჯანმრთელებულები და ცოცხლები გახვიდეთ“, - ასე მიმართა საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ მოსახლეობას.
ტურძელაძის განმარტებით, კლინიკაში ძალიან სერიოზული პაციენტები არიან, არამხოლოდ ხანდაზმული, არამედ შუა ასაკის უფრო მეტია და განსხვავება ისაა, რომ ხანდაზმულებში უფრო მძიმედ მიდის ეს პროცესი, თუმცა ახალგაზრდებსა და საშუალო ასაკში გავრცელება მეტია.
„130 საწოლიდან დაკავებული გვაქვს 70 საწოლი, თუ გვერდით მივუწვენთ ერთი ოჯახის წევრს, ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია, 140-მდე ავიდეთ. ამჟამად 78 პაციენტი გყვავს“, - აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






