ჯერ კიდევ იქამდე, სანამ კორონავირუსს კოვიდ19-ად მონათლავდნენ, სინგაპურის ხელისუფლებამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა ქვეყანაში შესვლაზე და კლასტერებს წარმატებით იკვლევდა, რამაც ვირუსის გავრცელება ამ ქვეყანაში, საწყის ეტაპზე, მინიმუმამდე დაიყვანა.
მას შემდეგ, რაც 24 იანვარს ჩინეთის ქალაქ უჰანში ინფიცირების შესახებ გახდა ცნობილი და ქალაქში ტოტალური კარანტინი გამოცხადდა, ვირუსმა გავრცელება სინგაპურშიც დაიწყო, მაგრამ ხელისუფლება ამას მკაცრად გაწერილი გეგმით შეხვდა: ქვეყანაში შემოსულ პირებს თერმოსკრინინგი უტარდებოდა, ტესტირებას უქვემდებარებდნენ ყველას, ვიზეც დაინფიცირებას ეჭვობდნენ და ინფიცირებულის კონტაქტებს იკვლევდნენ, ამის შემდეგ კი მათ თვითიზოლაციას უქვემდებარებდნენ.
ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება გავრცელების შეკავებას ისე ახერხებდა, რომ ძალიან ცოტა ინფიცირებული ჰყავდა, მატების დინამიკა ნელი იყო და კონტროლს ექვემდებარებოდა, ქვეყანაში რაიმე, განსაკუთრებით მტკივნეული შეზღუდვები არ შემოუღიათ, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ სინგაპურში შესული ყველა პირი ორდღიან კარანტინს ექვემდებარებოდა.
მაგრამ დეილ ფიშერი, რომელიც გლობალური დაავადებების აფეთქებათა კონტროლის გლობალური ქსელის ხელმძღვანელია, ბიბისისთან საუბარში იხსენებს, რომ როცა ეუბნებოდნენ: "სინგაპურში ყველაფერი შესანიშნავადაა", ის პასუხობდა: "ჯერჯერობით, შესანიშნავადაა".
"ძალიან ძნელია ამ დაავადების შეკავება", - დანანებით ამბობს ის.
ჯანმომ (ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) სინგაპურის ხელისუფლების ზემოთ აღწერილი ნაბიჯები სამაგალითოდ დაუსახა სხვა ქვეყნებს, სინგაპური კი კორონავირუსის შეკავების მოდელად იქცა.
ამის მიუხედავად, ბოლო დღეების განმავლობაში ამ ქვეყანაში მკვეთრად იმატა კოვიდ19-ით დაავადებულთა რიცხვმა, ყველაზე მეტი ინფიცირებული კი საერთო საცხოვრებლებშია, სადაც გასრტერბაიტერები (უცხოელი დაქირავებული მუშაკი ან მუშახელი, - რედ.) ცხოვრობენ. მხოლოდ ორშაბათს, 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში 400-ზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა., რაც, პრაქტიკულად, რეკორდული მაჩვენებელია.
როდის გაუარესდა სიტუაცია? სინგაპურის ხელისუფლებას სიტუაცია "ეჭირა" მარტის შუა რიცხვებამდე, ხოლო მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ქვეყნებიდან სინგაპურელები შინ დაბრუნდნენ, დაახლოებით 500-მა მათგან, ისე, რომ თავადაც არაფერი იცოდნენ ამის შესახებ, თან კორონავირუსი ჩამოიტანეს. ისინი ორკვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებოდნენ, მაგრამ მათთან ერთად მცხოვრებ პირებს უთხრეს, რომ მათ შეეძლოთ ჩვეულებრივი რიტმით ცხოვრება იმ შემთხვევაში, თუ დაავადების სიმპტომები არ ჰქონდათ.
ამის შემდეგ უკვე შიდა გავრცელება დაიწყო და სწრაფი ტემპით განვითარდა. ახალი ინფიცირებულების ყოველდღიური მაჩვენებელი გაიზარდა და რამდენიმე ათეულს მიაღწია. ხელისუფლებას უკვე უჭირდა კლასტერების გამოკვლევა და კონტაქტების დადგენა.
ახლა სპეციალისტები ამბობენ, რომ დაავადების შესახებ უკვე უფრო მეტია ცნობილი, ვიდრე ეს მარტში იყო, ხოლო მთავარ შეცდომად მიაჩნიათ ის, რომ ქვეყანაში დაბრუნებული და ჩამოსული პირების თავისუფლად გაადგილება და კონტაქტები უფრო მკაცრი რეგულაციებით არ შეიზღუდა.
"ახლა უკვე ვიცით, რომ დაავადების უსიმპტომოდ მიმდინარეობა და გადაცემა შესაძლებელია და, შესაძლოა, სწორედ ეს არის კორონავირუსის გავრცელების ძირითადი ფაქტორი". - ამბობს პროფესორი იიკ-იიბნ ტეო.
პროფესორი ამბობს, რომ ქვეყნები გავრცელებულ, აღიარებულ ინფორმაციას ამ დაავადების შესახებ მკაცრად უნდა მოეკიდონ. მაგალითად, აღიარებულ მიდგომას, რომ კორონავირუსისგან განკურნებულებს იმუნიტეტი უვითარდებათ და მომავალში დაზღვეული არიან ინფიცირებისგან .
"ამით თავის დამშვიდების მყარი საფუძველი ჯერ არ გვაქვს" - ამბობს პროფესორი.
სინგაპურის ხელისუფლება ახლა ცდილობს შეცდომების გამოსწორებას: ყველა ჩამოსული სახელმწიფო კარანტინში იგზავნება, ხოლო ქვეყნის უდიდეს ნაწილში მოქმედებს სპეციალურად გამოცემული დეკრეტი, რაც კარანტინს ითვალისწინებს, თუმცა ეს სიტყვა დეკრეტში პირდაპირ არ არის მოხსენიებული. სახლიდან გამოსვლა მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების დროს არის დაშვებული ან მაშინ, როცა მოქალაქე სპორტითაა დაკავებული, რეჟიმის დამრღვევებს 7.000 დოლარამდე ჯარიმა ან ნახევარი წლით ციხეში ჯდომა ელის.
მაგრამ აქ თავი იჩინა კიდევ ერთმა დილემამ: გასულ კვირას ინფიცირებულთა რაოდენობა სწორედ გასტერბაიტერებში გაიზარდა და გეომეტრიული პროგრესიით მატულობს. ქვეყანაში ასეულ ათასობით ადამიანია ჩამოსული სხვა, უფრო ღარიბი ქვეყნიდან და სინგაპურის ეკონომიკა, მეტწილად, სწორედ მათ შრომაზე დგას, მაგრამ სამუშაოების სტილი და ფორმა (გემთმშნებლობა, შენობების მომსახურება) არ აძლევს გასტერბაიტერებს სოციალური დისტანციის დაცვის შესაძლებლობას.
ამასთან, კანონის თანახმად, გასტერბაიტერებმა საერთო საცხოვრებელში უნდა იცხოვრონ, რაც ნიშნავს, რომ ზოგან, შესაძლოა, ერთ ოთახში 12-13 ადამიანიც კი ცხოვრობდეს, რომლებიც საერთო აბაზანითა და ტუალეტით სარგებლობენ.
სწორედ ეს საერთო საცხოვრებლები უნდა გამხდარიყო ინფექციის გავრცელების კერა და ასეც მოხდა: ახალი შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა და 500-დე ავიდა, ერთ საერთო საცხოვრებელზე გაანგარიშებით კი, ასეთ შენობაში მყოფ დაინფიცირებულთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მასთაბით დაინფიცირებულთა რაოდენობის 15%-ია. ხელისუფლება შიშობს, რომ უახლოეს დღეებში დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოხდება და კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს...
მასალის გამოყენების პირობები






