უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) დააპატიმრა ამავე უწყების გენერალ-მაიორი ვალერი შაიტანოვი, რომელიც ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტულ საქმიანობაში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის პრეს-ცენტრი ავრცელებს.
უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსანი რუსული სპეცსამსახურების მითითებით, აპირებდა ცნობილი მოხალისე მებრძოლის, ადამ ოსმაევის მკვლელობას. უკრაინის უშიშროების სამსახურმა შეაგროვა საკმარისი მტკიცებულება, რომელიც დამაჯერებლად მოწმობს იმ ფაქტზე, რომ შაიტანოვი არის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის აგენტი. აღნიშნული ფაქტი დასტურდება საქმის მასალებით, აუდი და ვიდეოჩანაწერებით- აღნიშნავენ უშიშროების სამსახურები.
რუსული ფსბ-ს მითითებით, შაიტანოვმა შეაგროვა და გადასცა სადაზვერვო ინფორმაცია უკრაინელი სამხედროების მიერ დონბასის ზონაში განხორციელებული სამხედრო ფარული სპეცოპერაციების შესახებ. უკრაინული უსაფრთხოების სამსახურები აქტიურად უთვალთვალებდნენ ზემოხსენებულ სამხედრო მაღალჩინოსანს გერმანიაში, საფრანგეთსა და ხორვატიაშიც, სადაც იგი რუსეთის სამხედრო დაზვერვის უწყების თანამშრომლებს ხვდებოდა.
სამართალდამცავ უწყებებს აგრეთვე გააჩნიათ მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ შაიტანოვი უკრაინაში ტერორისტული აქტების ჩატარებას გეგმავდა- ამისთვის მას ფსბ პირდებოდა 200 000 დოლარს. შაიტანოვს აღმოაჩნდა აგრეთვე რუსული პასპორტიც.
„სამწუხაროდ, ადამიანი, რომელმაც გენერლის წოდება ღირსების რევოლუციის შემდეგ მიიღო და უკრაინა უნდა დაეცვა, ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობდა. ჩავატარეთ რთული, ხანგრძლივი და მრავალეტაპიანი სპეცოპერაცია. ეს დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში ყველაზე სერიოზული გამოძიებაა“, - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარემ, ივან ბაკანოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






