კიევის ცენტრში პრორუსულმა მართლმადიდებელთა საზოგადოებრივმა გაერთიანებებმა მასშტაბური მსვლელობა მოაწყვეს. პროტესტი მიმართული იყო უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოველი პატრიარქის მიტროპოლიტი ვლადიმერის განცხადბის წინააღმდეგ. ორგანიზატორთა აზრით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა შედეგად მოიტანს იმას, რომ უკრაინაში „იცხოვრებენ ათასობით ევროპელი ციგანი და ზანგი“, გაიმართება „სოდომისტთა მილიონიანი მარშები“ და შეიქმნება სკოლები, სადაც ბავშვებს „ჰომოსექსუალებად აღზრდიან“. აქციის მსვლელობასთან დაკავშირებით წერს kommersant.ua.

მსვლელობის ორგანიზატორები შეიკრიბნენ სახალხო ერთობის დღის აღსანიშნავად, რომელსაც წინა დღეს რუსეთში ზეიმობდნენ. ისინი აპროტესტებდნენ 30 სექტემბერს უკრაინის ყველა რელიგიური ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ მიმართვას, რომელშიც მხარს უჭერდნენ ხელისუფლების სწრაფვას ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას.
მსვლელობის მონაწილეებს ხელში რუსეთის იმპერიული დროშები და ხატები ეჭირათ, ასევე - უკანასკნელი რუსი მეფის ნიკოლოზ მეორის გამოსახულება. ორ, ხნიერ ქალს თან ჰქონდა სსრკ-ს გმირის, მარშალ ჟუკოვის პორტრეტი. იყო სრულიად წარმოუდგენელი გამოსახულებებიც. მაგალითად მოხუც კაცს ეჭირა „ხატი“, რომელზეც ანაფორაში გამოწყობილი გრიგორი რასპუტინი იყო გამოსახული.
მასალის გამოყენების პირობები






