„ჩვენ შეგვიძლია, მოვახდინოთ ფაქტის კონსტატირება, რომ გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში გვყავს 30 ადამიანი ინფიცირებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში განართულ საგანგებო ბრიფინგზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჯერჯერობით ვერავინ აკეთებს პროგნოზს, როდის იქნება კორონავირუსის გავრცელების პიკი.
„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხვალ 15 აპრილიდან 21:00 საათიდან ოთხ დიდ ქალაქში თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა იყოს აკრძალული 10 დღით. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ნაბიჯით მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსხვილ ქალაქებში მობილურობის დოზა კიდევ უფრო დავწიოთ ქვევით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება.გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს, საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების თაობაზე.
„მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმაავლობაში მიმართოს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის ქვეყნის მასშტაბით 10 მაისამდე გაგრძელების თაობაზე. ეს გახლავთ ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც სასწრაფოდაა მისაღები, რათა ვირუსის გავრცელების შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეთ“,- განმარტა პრემიერ-მინისტრმა.
ქვეყმის მეთაურმა მოსახლეობას მიმართა:
„მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, მიუხედავად იმისა, ყველას გვესმის, რომ ეს შეზღუდვები არის უზარმაზარი დისკომფორტის მომტანი როგორც ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ისე ჩვენი შემოსავლებისთვის, ეკონომიკისთვის, ჩვენი ბიზნესისთვის, კომპანიებისთვის, სამუშაო ადგილებისთვის და ასე შემდეგ. თითოეული ჩვენგანი ამას უზარმაზარი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ“, – თქვა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






