ვერის წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური გიორგი პაპავა, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, პირველ კომენტარს აკეთებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ სიმპტომები 7 აპრილს, ხარების დღესასწაულის საღამოს დაეწყო.
"სიმპტომები დამეწყო ხარებას. საღამოს სიცხემ ამიწია, დაახლოებით, 38-მდე, მეორე დღეს უფრო მეტი - 39. მერყეობდა. ყველა დისტანციურად ვართ ხოლმე და მაქსიმალურად კონტაქტი არ მქონია [წირვაზე სხვებთან], შორს ვიდექით ყველა. არც აღსარებაზე გავდივართ, რაც დღის წესრიგში ეს საკითხი დადგა. უწმინდესმა გვაკურთხა, რომ აღსარება მაქსიმალურად შეგვეზღუდა და მეც ასე ვცდილობდი,"- აცხადებს მამა გიორგი.
მისივე თქმით, ის 8 აპრილსაც იყო ეკლესიაში ღვთისმსახურების აღსავლენად, რადგან ოთხშაბათი მისი მსახურების დღეა.
"იმ დღეს ვიმსახურე მე, მაგრამ ტაძარში მხოლოდ ერთი ადამიანი იდგა ბოლოში და მსახურებაში მონაწილეობა არ მიუღია,"- ყვება მამა გიორგი.
შენიშვნა: ფოტო აღებულია ინტერნეტიდან.
მასალის გამოყენების პირობები






