პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დროისთვის რვა პაციენტი იმყოფება.
რატიანის თქმით, ერთი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის თერაპიულ განყოფილებაში გადავა.
მისივე განცხადებით, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება ოთხი პაციენტი, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა დღეს დადებითი დინამიკა შეინიშნება.
„რეანიმაციაში გვყავს რვა პაციენტი, აქედან მძიმე იყო ახალგაზრდა, 44 წლის მამაკაცი, რომელთანაც სახეზე იყო კოვიდინფიცირების შემთხვევა, ქრონიკული პათოლოგიების გარეშე, სადაც გამოვლინდა მწვავე ფილტვის დაზიანების სურათი, პაციენტი იმყოფებოდა არაინვაზიურ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ბოლო 48 საათში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, მოხსნილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან, ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით, დაზიანების ნიშნები მკვეთრად შემცირებულია და პაციენტი გადადის თერაპიულ განყოფილებაში. ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გვყავს ოთხი პაციენტი. გუშინ ვაცხადებდი, რომ ერთის მდგომარეობა იყო ტერმინალური. ჩატარებული სიმპტომური მკურნალობის შედეგად, მისი მდგომაროება ამ ეტაპზე სტაბილურია, ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარამეტრები გამარტივებულია, ველოდებით უახლოეს საათებში, რომ მოიხსნას მართვითი სუნთქვიდან. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მძიმეა, მაგრამ ამ ეტაპზე სტაბილურია“ ,- განაცხადა ლევან რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






