ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას პროგნოზით, შესაძლოა კორონავირუსის პრეპარატი უფრო ადრე შეიქმნას ვიდრე ვაქცინა.
მისი თქმით, კვლევები მიმდინარეობს და ძალიან დამაიმედებელი პროგნოზებია.
„თუმცა, როგორც სპეციალისტები ბოლო ინფორმაციას გვაწვდიან, სავარაუდოდ, ვაქცინა ხელმისაწვდომი არ იქნება რამდენიმე თვის განმავლობაში. რაც შეეხება სამკურნალო პრეპარატებს, იცდება ათი-თხუთმეტამდე პრეპარატი და უფრო დიდი იმედი გვაქვს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რომელიმე პრეპარატს უფრო ადრე დაადასტურებს და აღიარებს, როგორც ახალი კორონავირუსული ინფექციის სამკურნალო პირდაპირ ანტივირუსულ საშუალებას. ანუ, დიდი ალბათობით, პრეპარატი უფრო ადრე უნდა გვქონდეს, ვიდრე ვაქცინა. თუმცა, ზუსტ ვადებზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია“, – განაცხადა გოგინავამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 214 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






