კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად მასშტაბურად იზრდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებით ფატალური შემთხვევების შემცველი აღმოჩნდა უკანასკნელი 24 საათი აშშ-სა და საფრანგეთში. შტატებმა კოვიდ 19-ისგან გარდაცვლილთა 1800 შემთხვევა აღნიშნა, რაც დაავადების გავრცელებიდან დღემდე ანტირეკორდია.
უმძიმესი ვითარებაა აგრეთვე საფრანგეთშიც, სადაც 1 დღე-ღამეში 1417 ადამიანი დაიღუპა- ეს მაჩვენებელი ამ დროისთვის ევროპაში ყველაზე ფატალური შედეგია, რომელიც 24 საათში დაფიქსირებულა.
კორონავირუსით მთელ მსოფლიოში უკვე 82 136 ადამიანი დაიღუპა. დაავადების მასშტაბურ გავრცელებასთან ერთად იზრდება აგრეთვე გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც, რომელმაც უკვე 302 367 შეადგინა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ინფექციის პიკი ჯერ კიდევ წინაა. მათი თქმით, ვირუსი უახლოესი კვირეების განმავლობაში კიდევ ათასობით ადამიანს მოკლავს.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ დღეებში დაიკლო კორონავირუსის გავრცელება ევროპის მთავარ ეპიცენტრულ ქვეყნებში- ესპანეთსა და იტალიაში, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 600-ს ჩამოსცდა. იტალიის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ პიკი უკვე დასრულებულია და ფატალური შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად დაიკლებს.
მასალის გამოყენების პირობები






