60 წელს გადაცილებულები და ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები, შესაძლოა, პნევმოკოკის ვაქცინით აიცრან და შესაძლოა ეს პროცესი სავალდებულოც გახდეს.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პნევმოკოკით ვაქცინაცია ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა.
„ჩვენი სპეციალისტების მხრიდან სიკვდილიანობის გამომწვევი და ძირითადი დაავადებების გაანალიზება მოხდა. აქ ცალსახად დავინახეთ, რომ სწორედ ამ მოწყვლად ჯგუფებში მრავლობითად არის განვითარებული პნევმონია. ჩვენს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შედეგად და ასევე საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკის გამოყენების მაგალითზე, მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რის განხორციელებასაც საქართველოში ვგეგმავთ. ეს არის ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკა, როდესაც ისინი 60 წელზე ზევით მოსახლეობას და მოწყვლად ჯგუფებს ცრიან პნევმოკოკის ვაქცინით"- განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, სამინისტროს აქვს კონკრეტული რაოდენობა და სახელობითი სია იმ ადამიანების, რომლებზეც შესაზლოა ვაქცინაცია განხორციელდეს.
"არის მსჯელობა იმის თაობაზეც, რომ საქართველოში ეს შევიდეს სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუფში და შესაბამისი მონაკვეთების გავლის შემდეგ მოქალაქეებში ამ ვაქცინის განახლება მოხდეს,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“ - ის ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






