„ ვფიქრობთ, ამ ვითარებაში სოლიდარობის გამოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამგვარი სოლიდარობის მაგალითი იყო ჩვენი პარტიისა და მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მოხალისეობრივი ჩართულობა ჩვენი საზოგადოების სოციალურად დაუცველი წარმომადგენლებისთვის სოციალური დახმარების მიწოდებაში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, რომელთა ოჯახებსაც აქვთ დამატებითი კომერციული შემოსავლები, სოლიდური თანხები გაიღეს ეპიდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, პარტიაში მიმდინარე დისკუსიისა და კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობაში, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულმა წევრმა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი ხელფასის 1/3. საჭიროებისამებრ მზად ვართ დამატებითი წვლილი შევიტანოთ ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში. დარწმუნებული ვართ, ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც, ყველა, ვისაც მიუხედავად რთული ვითარებისა, აქვს შესაძლებლობა, დასაქმებულია კერძო თუ საჯარო სექტორში და აქვს შემოსავალი, ამ შემოსავლისა და სოციალური მდგომარეობის შესაბამისად, განახორციელებენ შენატანებს აღნიშნულ ფონდში და ამით გამოხატავენ სოლიდარობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. ეპიდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში ჩართული ადამიანების პროფესიონალიზმთან ერთად, სოლიდარობა არის მთავარი რამ, რაც საშუალებას მოგვცემს, პრობლემა დავძლიოთ მინიმალური ზიანით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის,“ - განაცხადა კობახიძემ.
საუბარია 105 ადამიანზე - მთავრობის 12 და უმრავლესობის 93 წევრზე.
მასალის გამოყენების პირობები






