რატომ არ ჩაუტარდა თერჯოლაში მცხოვრებპირს, რომელსაც კოვიდ 19 აღმოაჩნდა თავიდანვე ტესტი?- თბილისის ინფექციური კლინიკისსამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ის შესაძლო შემთხვევებში არ შედიოდა, რადგან მოგზაურობის ისტორია ან დაავადებულ პირთან კონტაქტი არ ჰქონდა.
„მოგვმართა ჩვენ ამ პაციენტმა. ეს პაციენტი თავისი კრიტერიუმებით არ შეესაბამებოდა შესაძლო შემთხვევას. მასთან მოხდა მდგომარეობის შეფასება, დიაგნოზის დასმა, შესაბამისი დანიშნულების მიცემა და ბინაზე გაშვება. თქვენ ანალიზის უნარი გაქვთ მგონი, შესაძლო შემთხვევაში არ შედიოდა. შესაძლო შემთხვევა ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევა არ განიხილება. შესაძლო კრიტერიუმებია, რომ მოხდეს გამორჩევა გამოსაკვლევი ადამიანების, რადგან ყველა სიცხიანი და ყველა რესპირატორული დაავადებით არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც კოვიდ 19, მაშინ ამას ვერ გაუძლებს ვერასდროს ვერავინ. შესაძლო შემთხვევის განმარტებაა, როდესაც მას აქვს მოგზაურობის ისტორია ან კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან. თუ პირი ვერ გაიხსენებს, არ იტყვის, რომ მას რამე კონტაქტი ჰქონდა თუნდაც პირდაპირი ან ირიბი, ამ შემთხვევაში როგორც შესაძლო შემთხვევა არ ჩაითვლება.
შეხედეთ, მსოფლიოში რა ხდება. საქართველოში ხდება კონტროლირებადი, ზომიერი მატება დაავადების. 26 თებერვალს იყო პირველი შემთხვევა დაფიქსირებული და დღემდე გვყავს 115, ასეთი მაჩვენებელი საოცნებო იქნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული კრიტერიუმების გამოყენება ხდება სწორად, ადეკვატურად და კარგად. თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, მისი პრობლემაა, რომ არ უხარია ქვეყნის წარმატება და ქვეყანაში არსებული კარგი შედეგები“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.
როგორც ირკვევა, COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტი ინფექციური კლინიკიდან ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით, ტესტირების გარეშე გაუშვეს. მედიკოსების დასკვნაში, რომელსაც მთავარი ასაჯაროვებს, აღნიშნულია, რომ 30 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურითა და ძლიერი ხველით შევიდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს, პროტოკოლის გამო, რომელიც მხოლოდ უცხოეთიდან შემოსული ან ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტს ითვალისწინებს დაავადებული მამაკაცი კვლევის გარეშე სახლში გაწერეს.
მასალის გამოყენების პირობები






