ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები მათ მიერ შექმნილი ვაქცინის ChAdOx1 nCoV-19 -ის გამოსაცდელად მოხალისეებს აგროვებენ.
ვაქცინას 18-55 წლამდე ასაკის 510 ჯანმრთელ ადამიანზე გამოცდიან.
ვაქცინის ტესტირება ცხოველებზე უკვე აქტიურად მიმდინარეობს.
"ეს ცდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება COVID-19-ის წინააღმდეგ მისი მოქმედების შესაფასებლად და შეიძლება, ეფექტიანი ვაქცინა გაცილებით ადრეც მივიღოთ“, - განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის ჯენერის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ადრიან ჰილი.
მისი თქმით, მკვლევართა ჯგუფს სჭირდება ადამიანები, რომლებიც COVID-19-ით არ არიან ინფიცირებული.
სიაში ვერ მოხვდებიან სხვადასხვა პრეპარატზე მყოფი ადამიანები, ორსული და მეძუძური ქალები.
ჯგუფმა ვაქცინაზე მუშაობა 10 იანვარს დაიწყო.
„არსებობს გარკვეული რისკები, რადგან ადამიანებამდე ცდები შეიზღუდა ან გამოვტოვეთ, მაგრამ ვაქცინის სწრაფად მიღება გაცილებით მეტ სარგებელს მოგვიტანს, ვიდრე პოტენციური თეორიული რისკები“, - თქვა ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის პროფესორმა სტივენ ევანსმა.
ცნობილია, რომ ცდების პარალელურად, დაიწყება ვაქცინის წარმოება უფრო დიდი ცდისთვის. თუ ეს პროცესები წარმატებული აღმოჩნდა, ვაქცინის გადაუდებელი გამოყენება უკვე შესაძლებელი იქნება სამედიცინო პერსონალში, ხანდაზმულებში და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში.
მასალის გამოყენების პირობები






