თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული, თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომლის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.
მისი თქმით ვირუსის პირველწყარო ჯერ დადგენილი არ არის. ეზუგბაია აცხადებს, რომ პაციენტების მდგომარეობა არ არის მძიმე.
"თავდაპირველად იყო ერთი პაციენტი და დაემატა ხუთი. ამ ერთზე დადასტურებული იყო ვირუსი. არც ერთი არ არის სამხედრო პირი. ექვსივე არის სამოქალაქო. ეს არის ჯგუფი, რომელსაც სამსახურებრივი რაღაც დამოკიდებულება აქვთ. ეს კონტაქტებია, მაგრამ პირველწყაროს მოძიება ჯერ მიმდინარეობს. არ არის ბოლომდე დადასტურებული პირველწყარო. ასე რომ, კატეგორიულად ვერ ვიტყვით აქ რა სიტუაციაა. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი ეს ექვსივე პაციენტი, მათი მდგომარეობა არ არის მძიმე. მეთვალყურეობა გრძელდება და ალბათ, გამოსავალი არ უნდა იყოს სერიოზული. ჯერჯერობით ასეთი მდგომარეობაა და ვნახოთ დინამიკაში რა სიტუაცია იქნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევა დაფიქსირდა ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან უკვე 18 ადამიანი განიკურნა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 231 იმყოფება, კარანტინში - 4695.
მასალის გამოყენების პირობები






