ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტების რაოდენობა 4-მდე გაიზარდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ მეოთხე პაციენტს ორმხრივი მძიმე პნევმონია და თანარსებული დაავადება აღენიშნება.
„რამდენიმე დღეა ჩვენ გვყავს 3 მძიმე პაციენტი. გუშინ დაგვემატა 1 მძიმე ახალი პაციენტი. ამ სიმძიმეს განაპირობებს ორმხრივი მძიმე პნევმონია, თავის სუნთქვის უკმარისობით და ასევე თანარსებული დაავადება რკინადეფიციტური მძიმე ანემიის სახით, რომელიც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს.
დანარჩენ სამ პაციენტს რაც შეეხება - ერთი ქალბატონი, რომელსაც პნევმონიასთან ერთად აქვს ჰიპერტონული დაავადება, მისი მდგომარეობა უკვე რამდენიმე დღეა სტაბილურია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სიმძიმის პერიოდი გადაილახა და გამოსავალი უკვე კეთილსაიმედო უნდა იყოს. დანარჩენი ორი პაციენტიდან, ერთი ასაკოვანი ქალბატონია, რომელთანაც გვაქვს მძიმე სიტუაცია იმ მხრივ, რომ გარდა ორმხრივი პნევმონიისა და თანარსებული დაავადებისა, ეს არის გულის უკმარისობა და მძიმე ნევროლოგიური დაავადება, გამოვლინდა სეფსისის კლინიკა, ჯერჯერობით ამ ქალბატონთან მძიმე მდგომაროება რჩება, ასეთი მკვეთრი გაუარესება არ შეიმჩნევა გუშინდელიდან დღემდე, მაგრამ მაინც სერიოზულია და გამოსავალზე ვერ ვილაპარაკებთ, როგორი იქნება და მესამე მძიმე ავადმყოფი, ეს არის თანარსებული დაავადებით - დიაბეტის ფონზე განვითარებული მძიმე პნევმონია ამ პაციენტთანაც ჯერჯერობით დაავადება მინიმალურად, მაგრამ მაინც პროგრესირებს”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






