ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია და სინგაპური კორონავირუსს წარმატებით ებრძვიან, მაგრამ მათ წინაშე კორონავირუსის მეორე ტალღის საფრთხე დადგა - უკვე დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც COVID 19-ი ამ ქვეყნებში საზღვარგარეთიდან შემოვიდა.
მართლაც, 18 მარტს იაპონიაში დაინფიცირების სულ სამი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოკაიდოს პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა გააუქმეს.
პანდემიის სათავეში, უხანში, დღე-ღამის განმავლობაში დაავადების არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ქალაქის მაცხოვრებელთა ნაწილი, რომლების 6და მეტი კვირის განმავლობაში იზოლაციაში იმყოფებოდნენ, ახლა ქალაქში გამოვიდა.
სამაგიეროდ, პანდემიის ეპიცენტრად ახლა ევროპა გახდა და იქიდან მომავალი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, შესაძლოა, უკვე აზიის ქვეყნებს დასჭირდეთ საზღვრების ჩაკეტვა. არანაკლები საფრთხე ემუქრება აზიას ამერიკის კონტინენტიდან და მსოფლიოს სხვა ჯერჯერობით ნაკლებად აქტიური კერიდან.
"იმპორტული კორონავირუსის" შემთხვევები უკვე დაფიქსირდა ჩინეთში, სადაც "უკორონოვირუსო" დღის შემდეგ, 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან ყველა უცხოეთიდან იყო შემოტანილი.
ანალოგიური შემთხვევაა სინგაპურში, სადაც 47 ახალი დაინფიცირებულიდან 33 უცხოეთიდან იყო შემოსული. მათგან 30 - სახლში დაბრუნებული სინგაპურელია.
რაც შეეხება კორეას, სამი მოფარიკავე, რომელიც ეროვნულ ნაკრებთან ერთად ბულგარეთში ტურნირზე იმყოფებოდა სახლში კორონავირუსით დაბრუნდა. ამის გამო მთელი გუნდი იზოლაციაშია და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
ამ ფაქტებიდან გამომდინარე, აზიის ქვეყნებმა, რომლებმაც თითქმის უკვე დაამარცხეს დაავადება, დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რათა "იმპორტული კორონავირუსი" ახალ აფეთქებად არ გადაიქცეს.
მასალის გამოყენების პირობები






