დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საქართველოში პრობლემის გარეშე უტარდება ტესტი ყველა ადამიანს, ვისაც საჭიროა, რომ ჩაუტარდეს.
იგი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ტესტის პასუხს ორი დღე ელოდებოდა, ჩვენ კი საშუალება გვაქვს, პასუხი, პრაქტიკულად, 12 საათის, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში გვქონდეს.
„სამწუხაროდ, უკვე ამ ეტაპზე შეიმჩნევა პანიკური მომართვიანობა ტესტების გასაკეთებლად, მაგრამ მოდით, ყველანი რეალისტები ვიყოთ. დღეს ჩვენ ქვეყანაში ტესტები გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად კეთდება, ვიდრე ძალიან ბევრ ჩვენზე მდიდარ და განვითარებულ ქვეყანაში. არის ძალიან მდიდარი ქვეყნები, სადაც ტესტის პასუხს დღეები ელოდებიან...რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, მისი ყველაზე უკეთესი გამოყენების გამოცდილება კორეას აქვს და რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მუშაობა, რომ დაავადების გავრცელების გარკვეულ ეტაპზე, როდესაც გავრცელება გაცილებით ფართომასშტაბიანი იქნება, ვიდრე დღეს არის და საზოგადოებაში ინფექცია გაჩნდება, შეიძლება, გამოვიყენოთ ის ტაქტიკა, რომელიც კორეამ გამოიყენა, რათა საზოგადოებაში გავრცელების დროს შემთხვევები დროულად აღმოვაჩინოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






