საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, მადონა კოიძე გამოეხმაურა ახალი კორონავირუისის გავრცელებას და მასთან დაკავშირებულ რისკ ფაქტორებს. ინფორმაციას ''ინტერპრესნიუსი'' ავრცელებს.
კოიძეს განმარტებით ფულთან შეხების დროს დიდი ალბათობა არსებობს ვირუსი გავრცელდეს თონეებსა და საცხობებში, რადგან არაერთ ადამიანს უხდება ფულთან შეხება და შემდგომ საკვებ პრუდუქტის რეალიზაცია. ამიტომ დაბინძურების თავიდან ასარიდებლად საჭიროა პურის ან საკვები პროდუქტის რეალიზაცია ქსელურ მარკეტებში შეფუთული სახით ხდებოდეს.
„საერთოდ ვეწინააღმდეგები შეფუთვის გარეშე პურის რეალიზაციას, ეს არასწორია რადგან დაბინძურების ძალიან დიდი რისკი არსებობს დისტრიბუციის, დასაწყობების პროცესში და ასევე დახლზე, როდესაც მსხვილ ქსელურ მარკეტებში ადამიანებს აქვთ პურთან ხელით შეხების შესაძლებლობა. ვინაიდან ფულთან შეხების დროს ძალიან დიდი რისკი არსებობს, რომ ვირუსი გავრცელდეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატარა საცხობებში, ე.წ. თონეებში, ერთი და იგივე ადამიანი არ ახდენდეს ფულთან კონტაქტს და პურის რეალიზაციას. ყველა მოქალაქის ვალია, თუ მსგავს შემთხვევას აღმოაჩენს აუცილებლად მისცეს შენიშვნა, დარეკოს სურსათის უვნებლობის ცხელ ხაზზე და ეს ფაქტი უნდა აღმოიფხვრას“,-აღნიშნავს მადონა კოიძე.
შეგახსენებთ, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, ქალაქებში, თბილისსა და ბათუმში თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არაერთმა კვების ობიექტმა, რესტორანმა დროებით შეაჩერა მუშაობა.
მასალის გამოყენების პირობები






