თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, გრძელდება მაღალი ცხელება, ორმხრივი პნევმონია, თუმცა მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე განსაკუთრებული საფრთხე არ ემუქრება.
„მაგრამ ასე დაწყნარება არ შეიძლება, დინამიკაში მონიტორინგი და დაკვირვებაა საჭირო. დანარჩენებთან სხვადასხვა სიმპტომატიკა ვლინდება. ამ პაციენტებიდან სამთან კომპიუტერული კვლევით დადასტურებულია პლევმონია, მათთან დაწყებულია მკურნალობა, გრძელდება თითოეულის მონიტორინგი. მართალია, ამ დროისთვის არც ერთ პირს სიცოცხლისთვის საშიში გართულება არ ემუქრება, ამწუთში არ აღენიშნება, მაგრამ ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს, რადგან ამ დაავადებას ახასიათებს პროგრესირება, შეიძლება მსუბუქ, საშუალო ან მძიმე ფორმაშიც კი მოხდეს დაავადების პროგრესირება და ნებისმიერი გართულების გამოვლენა. აქედან გამომდინარე, მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, დღეს დილის მონაცემებით, კლინიკაში 34 პაციენტი იმყოფება.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 19 პირს, აქედან ორთან კორონავირუსი დადასტურდა, ხოლო დანარჩენთან მიღებულია უარყოფითი პასუხი.
მასალის გამოყენების პირობები






