ორგანიზაციის ინფორმაციით, მაღალმთიან რეგიონებში რეანომობილების არ არსებობას და გაუმართაობას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა;
კვლევის თანახმად, 2019 წელს სპორტის ყოფილი მინისტრის კომპანიას სახელმწიფომ 1.2 მილიონი ლარი გადაუხადა 7 რეანომობილში;
ორგანიზავიაში დათვალეს, რომ დარჩენილი მუნიციპალიტეტების თუნდაც თითო რეანომობილით უზრუნველყოფას 4 მილიონი ეყოფოდა;
"4 მლნ ლარი ყოველწლიურად ერიცხება მაჟორიტართა უფუნქციო ბიუროებს, როცა საკუთარი მაჟორიტარის ვინაობა 71%-მა არ იცის"- წერენ კვლევის ავტორები. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დაბლა:
"2019 წლის მდგომარეობით საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან და თვითმმართველი ქალაქიდან მხოლოდ 25-შია 53 ერთეული რეანომობილი განაწილებული. მაღალმთიან რეგიონებში განსაკუთრებით დიდია რეანომობილების დეფიციტი, მოსახლეობა არაერთ შემთხვევაზე მიუთითებს, როდესაც რეანომობილის არ არსებობის გამო მათ სიცოცხლესა და ჯანმრთლობას საფრთხე შეექმნა, მაგ: მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა მსგავს არაერთ შემთხვევას იხსენებს. მაგალითად: 2017 წელს კურორტ გოდერძზე მიღებული ტრამვის შედეგად 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც შემდგომში სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დაადგინა პაციენტის ტრანპორტირება მოხდა არასათანადოდ აღჭურვილი ავტომობილით, სადაც არ იყო ჟანგბადის ბალონები და დაზიანებული იყო საკაცე.
აღნიშნულ 25 მუნიციპალიტეტში ამბროლაურის მუნიციპალიტეტი მას შემდეგ მოხვდა, რაც 2019 წლის ივნისში 16 წლის მოზარდის გადასაყვანად რეანომობილი ლენტეხიდან (ონსა და ამბროლაურში არ ჰყავდათ) 2 საათის დაგვიანებით მივიდა ადგილობრივ საავადმყოფოში, ხოლო გზაში კიდევ რამდენიმე საათს შეყოვნდა ტექნიკური გაუმართაობის გამო. საბოლოოდ მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და ის გარდაიცვალა. ამბროალურის მოსახლეობამ პეტიციით მიმართა სამინისტროს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცა მუნიციპალიტეტს რეანომობილი.
ჯანდაცვის სამინისტრომ, რომლის ბიუჯეტიც 2019 წელს 3,978,400,000 ლარი იყო, ხოლო 2020 წელს 4,363,000,000-ია, 2016 წლიდან დღემდე ორჯერ შეისყიდა ჯამში 17 ერთეული რეანომობილი. ბოლო შესყიდვა მან განახორციელა 2019 წლის ივნისში, როდესაც 10 ერთეული ავტომობილი შეიძინა შპს “იბერია ავტოსგან” 1,237,000 ლარად (NAT180018511).
ეს კომპანია თავის მხრივ სპორტის ყოფილ მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან ასოცირდება, კერძოდ ის შპს “იბერია ავტოს” პარტნიორი იყო 2017 წელს, ხოლო 2019 წელს შპს”იბერია ბიზნეს ჯგუფი” არის შპს “იბერია ავტოს” ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც აგრეთვე ტარიელ ხეჩიკაშვილის დაარსებული შპს-ა, რომლის დირექტორიც დავით გოგორიშვილი მათ შორის ქართული ოცნების შემომწირველიცაა. (2016 და 2017 წლებში მან მმართველ პარტიას 1,000 და 2,000 ლარი შესწირა).
ჯანდაცვის სამინისტროს რეანომობილების უკანასკნელი შესყიდვისას ერთი ერთეული ავტომობილი 176,700 ლარი დაუჯდა. იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობა იყოს აღჭურვილი ერთი რეანომობილით მაინც, საკმარისია კიდევ 20 რეანომობილის შესყიდვა მაინც (25+20=45 მუნიციპალიტეტს), რაც ბიუჯეტს უკანასკნელი შესყიდვის მიხედვით დაახლოებით 3,534,000 ლარი დაუჯდებოდა.
შედარებისთვის ეს თანხა გაცილებით ნაკლებია მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროთა შესანახად, ბიუჯეტიდან დახარჯულ წლიურ თანხაზე. მაჟორიტარების რაიონული ბიუროების შენახვა, რომელთა მიზანიცაა მაჟორიტარი დეპუტატების კომუნიკაციის გაუმჯობესება ადგილობრივ მოსახლეობასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ბიუჯეტს საშუალოდ 4 მილიონი ლარი უჯდება წლიურად. მიუხედავად ამ ორგანის ფუნქციონირებისთვის გაწეული ხარჯებისა, კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობამ არც კი იცის, მისი მაჟორიტარი ვინ არის. NDI-ის 2018 წლის კვლევების თანახმად გამოკითხულთა 71%-მა არ იცის ვინ არის მისი რაიონის მაჟორიტარი, ეს მაჩვენებელი კი წინა წელს ( 2017-ში) 60% იყო“- წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






