ლიტვის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი იუწყება, რომ რუსეთი ახალ ინფორმაციულ შეტევებს ამზადებს ქვეყნის წინააღმდეგ. კერძოდ, დეპარტამენტის ცნობით, უახლოეს მომავალში შესაძლოა გავრცელდეს დეზინფორმაცია ლიტვის პრეზიდენტის - დალია გრიბაუსკაიტეს და სხვა მაღალი თანამდებობის მქონე პოლიტიკოსების შესახებ, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ, წერს სააგენტო DELFI.
პროვოკაცია ინიცირებული და კოორდინირებულია ვლადიმერ პუტინის ადმინიტრაციის მიერ.
თავად გრიბაუსკაიტეს აზრით, რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან მოსალოდნელი აქციის მიზეზი შეიძლება იყოს ლიტვის წარმატებული წარმომადგენლობა ევროკავშირის საბჭოში, და ასევე ქვეყნის მისწრაფება ენერგეტიკული თავისუფლებისკენ.
2013 წლის სექტემბერში ვილნიუსსა და მოსკოვს შორის კონფლიქტი გაჩაღდა. რუსი მებაჟეები კალინინგრადის ოლქის საზღვარზე განსაკუთრებულ ყურადღებას ლიტვური ნომრების მქონე მანქანებს უთმობდნენ. ამის გამო, საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლის დრო რამდენჯერმე გაიზარდა.
„როსპოტრებნადზორმა“ ოქტომბერში ლიტვური რძის პროდუქციის ქვეყანაში შეტანა აკრძალა. ამის შემდეგ ლიტვამ რუსული პირველი არხის ტრანსლირება შეზღუდა. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა, ვილნიუსი მედიის თავისუფლების დარღვევაში დაადანაშაულა.
მასალის გამოყენების პირობები






