საქართველოს პარლამენტს 2020 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა წარედგინა.
როგორც გეგმაშია აღნიშნული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცალკეული ნორმები საჭიროებს დაზუსტებასა და დახვეწას.
მათ შორის კოდექსის 122-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც პასუხისმგებლობას აწესებს სატრანსპორტო საშუალების წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით მართვისთვის. აღნიშნული მუხლი არ შეიცავს შენიღბვის განმარტებას, რაც ერთგვარ პრობლემას ქმნის.
გარდა ამისა, 127 1 მუხლით გათვალისწინებული საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის ზომები საჭიროებს გამკაცრებას.
ამასთან, პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლში შეტანილ იქნას ცვლილება, რომელიც შეეხება გასწრებასთან დაკავშირებულ მანევრებს,“-აღნიშნულია გეგმაში.
საქართველოს ხელისუფლება გეგმავს საავტომობილო მოძრაობის რიგი წესების შეცვლასა და გამკაცრებას. თუმცა, დოკუმენტში არ არის განმარტებული თუ კონკრეტულად როგორ გეგმავს ხელისუფლება ზომების შეცვლა/გამკაცრებას.
მასალის გამოყენების პირობები






