თურქეთმა აქტიურად დაიწყო სამხედრო ტექნიკისა და ქვეითი არმიის ნაწილების გადასროლა ლიბიის ტერიტორიაზე. ლიბიის მედიის თქმით, ტრიპოლის პორტში შემოვიდა სატრანსპორტო ხომალდი, რომელსაც 2 რუსული სამხედრო გემი აცილებდა. ამის შესახებ წერს რუსული მედია.
ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტების თქმით, თურქული სატრანსპორტო ხომალდიდან გადმოისხა თურქეთის საარმიო კონტიგენტი ცოცხალი ძალებისა, ტანკებისა და ჯავშანტექნიკის ჩათვლით.
ორი ხომალდი, „გაზიანტეპი“ და „ყაიდინიზი“ სამხედრო-სატრანსპორტო გემთან ერთად პირველად შემოვიდა ლიბიის ტერიტორიულ წყლებში მას შემდეგ, რაც რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სამთავრობო ძალებს სამხედრო მხარდაჭერა აღუთქვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მისრატის აეროპორტში 40 თურქი ოფიცერი ჩავიდა ლიბიის ჯარის დასახმარებლად.
იანვარში თურქეთმა დაანონსა სამხედრო ძალების გადაყვანა ფაიეზ ალ-სარაჯის დასახმარებლად. ერდოღნის თქმით, მისი ქვეყნის უსაფრთხოება იწყება მის საზღვრებს მიღმა- „ჩვენ გავაგრძელებთ მობილიზებას მთელი ჩვენი პოლიტიკური, კომერციული, ჰუმანიტარული, დიპლომატიური და სამხედრო შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად სამხრეთში სტაბილურობის მისაღწევად“.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომია, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებიან ამბოხებული გენერალი ჰაფთარის სამხედრო ძალები და გაეროს მიერ ოფიციალურად აღიარებული ფაიეზ ალ-სარაჯის ხელისუფლება. 12 იანვარს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მას შემდეგ, რაც დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვეს თურქეთისა და რუსეთის ლიდერებმა, თუმცა მიუხედავად ამისა, ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკება შეთანხმებით ვერ დასრულდა, რის გამოც ჰაფთარმა დატოვა შეხვედრა მოსკოვში და ხელი არ მოაწერა დაზავების დოკუმენტს.
მასალის გამოყენების პირობები






