აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ინიციატივით დაფუძნდა ლევან ალექსიძის პროფესიული მემკვიდრეობისა და მისი დაფუძნებული ქართული საერთაშორისო სამართლის სკოლის გასაძლიერებლად.
ფონდის მიზანი საქართველოს, საერთაშორისო ურთიერთობების სრულუფლებიანი სუბიექტის, აკადემიური და სამეცნიერო თვალსაზრისით უცხოეთში ცნობადობის გაზრდაა. ფონდი ასევე მიზნად ისახავს საქართველოში საერთაშორისო სამართლის სტანდარტების შემდგომ დამკვიდრებაში აკადემიურ და სამეცნიერო ხელშეწყობას, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გამოიცემა ლევან ალექსიძის საერთაშორისო სამართლის ჟურნალი, სამეცნიერო ქართულ-ინგლისური პერიოდული გამოცემა; ფონდმა ასევე დააფუძნა ლევან ალექსიძის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი, რაც ვაშინგტონში დაფუძნებული ჯესაპის (Philip C Jessup) საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის ფორმატით უცხოეთისა და ქართულ აკადემიურ წრეებს საქართველოში მისცემს შესაძლებლობას საერთაშორისო სამართლის თანამედროვე გამოწვევებზე იმსჯელონ.
პროფესორმა ლევან ალექსიძემ საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლას საფუძველი საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ჩაუყარა. ფასდაუდებელია მისი წვლილი 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში შეტანილი საკითხების შემუშავებაში. აკადემიკოს ლევან ალექსიძის ძალისხმევით საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს კანონების მიმართ და მისი ნორმების პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ პრინციპად, რამაც შემდგომში განვითარება ჰპოვა საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაში.

მასალის გამოყენების პირობები






