სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი აცხადებს, რომ ერაყში არსებულ ამერიკულ ბაზაზე ირანელთა სარაკეტო იერიში არის ომის აქტი.
მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპს გააჩნია უფლებამოსილება გამოიყენოს სრული ძალაუფლება და გასცეს ადეკვატური პასუხი ირანის აგრესიას. მისი აზრით, ამჟამად გასარკვევია ის თუ როგორი სამხედრო პასუხი უნდა გაეცეს თეირანის ქმედებებს.
„პრეზიდენტ ტრამპს არ სურდა ირანში რეჟიმის ცვლილება, მას სურვილი აქვს, ირანმა შეცვალოს დამოკიდებულება და მოქმედებები. თუ ირანის ქცევა არ შეიცვლება, ის შესაძლოა ნავთობის გარეშე დარჩეს “,- განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.
სენატორის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტს სურდა, შეეცვალა ირანის ბალისტიკური პროგრამა და ეიძულებინა ზემოხსენებული სახელმწიფო შეეწყვიტა მსოფლიო ტერორიზმის დაფინანსება.
შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს ირანმა დაბომბა ამერიკული ბაზები ერაყში- გამოიყენეს 30 ბალისტიკური რაკეტა სპეცოპერაციის განმავლობაში, რა დროსაც , როგორც ირანული მედია იტყობინება, გარდაიცვალა 80-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა საკუთარ სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპიც და აღნიშნა , რომ მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით ოთხშაბათს დილით გააკეთებს კომენტარს.
მასალის გამოყენების პირობები






