ლიბიაში ამბოხებული გენერალი ჰალიფა ჰაფტარის ძალებმა 6 იანვარს დაამყარეს კონტროლი სანაპირო ქალაქ სირტეზე, რომელიც ოფიციალური ტრიპოლის მხარდაჭერილი ფრაქციების კონტროლქვეში იყო. ინფორმაციას defensepost-ი ავრცელებს.
ლიბიაში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა დაიწყო საკუთარი ძალების გადასროლა ჩრდილოეთ ლიბიაში გაეროს მიერ აღიარებული ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდასაჭერად.
ტრიპოლიდან 350 კილომეტრში მდებარე ქალაქი სირტე 2016 წლიდან სამთავრობო ძალების კონტროლქვეშ იყო.
ზემოხსენებული ფაქტის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა გენერალი ჰაფთარის თვითგამოცხადებული „ეროვნული არმიის“ სპიკერმა.
„ოპერაცია იყო ძალზე სწრაფი და გაგრძელდა მხოლოდ სამ საათს, მიუხედავად იმისა, რომ წინასამზადისი სამუშაოები საჰაერო შეტევების ფონზე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა“ ,- განაცხადა აჰმედ-ალ მესმარიმ სატელევიზიო მიმართვისას.
მისი თქმით, ჰაფთარის დაქვემდებარების ქვეშ არსებულმა შეიარაღბულმა ფორმირებებმა შეტევა დაიწყეს ხმელეთიდან ხუთი მიმართულებით, აგრეთვე ჰაერიდან და ზღვიდან.
სამთავრობო ძალების თქმით, ჰაფთარის დაქვემდებარებაში იყვნენ აგრეთვე დაქირავებული მებრძოლები ჩადიდან, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთმა ლიბიაში სამხედროები გააგზავნა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა. მისი თქმით, თურქეთის მიზანი ლიბიაში კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერაა.
თურქეთის პრეზიდენტს სამხედრო დახმარება ლიბიის ხელმძღვანელობამ სთხოვა, რომელიც რამდენიმე წელია ამბოხებულებს ებრძვის.
2011 წელს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ, ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. აღმოსავლეთ ნაწილს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს, ქვეყნის დედაქალაქში კი, გაეროსა და ევროკავშირის დახმარებით შექმნილი ეროვნული თანხმობის მთავრობაა.
მასალის გამოყენების პირობები






